კულტურის სამინისტროს შენობასთან შეკრებილ ხელოვანებსა და მსახიობებს სამართალდამცავები შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ
კულტურის სამინისტროს შენობასთან შეკრებილ ხელოვანებსა და მსახიობებს სამართალდამცავები შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
სამართალდამცავებს შენობაში შესვლა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძემ დედამ, ლიკა გუნცაძემ სთხოვა, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
კულტურის სამინისტროს შენობასთან შეკრებილი ხელოვანები, მსახიობები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ამ წუთებში სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ, კულტურის მინისტრ, თინათინ რუხაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. ამ წუთებში სამინისტროს შენობასთან ხმაურია.
მოქალაქეები სკანდირებენ: „არა რეპრესიას“, „სოლიდარობა დათო დოიაშვილს“.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალურ კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.
შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციებზეა დაკავებული რამდენიმე თვეა გაფიცულია.
ვიდეო: "პუბლიკა"