რა სიახლეები იგეგმება სკოლებში? - განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების ახალი ხედვა წარადგინა: " ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტის დამტკიცება იგეგმება"
ზოგადი განათლების ახალი ხედვის ფარგლებში, დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი ინიციატივა მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს ზოგადი განათლების ახალი ხედვის წარდგენისას გააცნო.
ამასთან, ზოგადი განათლების ახალი ხედვის ფარგლებში, ჰუმანიტარული მიმართულების გაძლიერების მიზნით, ლიტერატურისგან დამოუკიდებლად, ცალკე დამტკიცდება ქართული ენის სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს ზოგადი განათლების ახალი ხედვა წარუდგინა და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები მათთან ერთად განიხილა.
ახალი ხედვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა – სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განახლებაზე; სასკოლო გარემოს განვითარებასა და გაჯანსაღების უზრუნველყოფაზე.
ალექსანდრე წულაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეებს განუვითარდეთ ყველა ის საჭირო უნარი და კომპეტენცია, რაც მათ თვითრეალიზაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა STEAM მიმართულების გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას ყველა საფეხურზე, სკოლების აღჭურვას საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, STEAM კლუბების, ოლიმპიადებისა და კონკურსების მხარდაჭერას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოში არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერების მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული სკოლების ინტელექტუალური რესურსი გამოყენებული იქნება სხვა სკოლებში ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებისთვის.
ხედვის თანახმად, ჰუმანიტარული მიმართულების გაძლიერების მიზნით, ლიტერატურისგან დამოუკიდებლად, ცალკე დამტკიცდება ქართული ენის სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას. ამასთან, აქცენტი გაკეთდება არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე. ჰუმანიტარული განათლების ხელშეწყობა კიდევ უფრო გააღრმავებს მოსწავლეებში პატრიოტულ ღირებულებებსა და ეროვნულ ფასეულობებს.
შეიცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა, რაც გულისხმობს მოსწავლეებისთვის ორი მიმართულების შეთავაზებას. ერთის მხრივ მათ საშუალება ექნებათ, სწავლა გააგრძელონ აკადემიური კუთხით და ისწავლონ მათთვის საინტერესო საკითხები ინტენსიურად. მეორეს მხრივ, პროფესიული მიმართულების არჩევის შემთხვევაში, ინტეგრირებული პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა და ატესტატთან ერთად, პროფესიული დიპლომი მიიღონ.
ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო და ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც საგნობრივი ექსპერტები, მასწავლებლები და ფსიქოლოგები, ასევე, მშობლები და ყველა დაინტერესებული მხარე, რაც პროცესს მეტად გამჭვირვალესა და ინკლუზიურს გახდის.
დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება.
ხედვის პრეზენტაციაზე საუბარი ასევე შეეხო სასწავლო პროცესის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას, რაც გულისხმობს მრავალფეროვანი პლატფორმების შეთავაზებას. მათ შორის, მასწავლებლის პროფესიული ზრდის ელექტრონული პლატფორმის, იგივე, E სახლის, სწავლის პროცესის მართვის სისტემისა და ელექტრონული ჟურნალის განვითარებას. პლატფორმები მოგვცემს საშუალებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და სასწავლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა.
რაც შეეხება მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, ამ მიმართულებით სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული სქემის შექმნაზე, რომელიც საზოგადოებას ზაფხულში წარედგინება.
შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა – სასკოლო გარემოს გაჯანსაღებაზე; მოსწავლეების ფსიქოსოციალურ და ემოციურ მხარდაჭერაზე; ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და ამ მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
ახალი ხედვის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა, პარლამენტის წევრებმა, ექსპერტებმა, სკოლის დირექტორებმა, ზოგადი განათლების ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.