"დღის წესრიგში შემოდის სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი" - მამუკა მდინარაძის ბრიფინგი
მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძემ განმარტა, რომ დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გააგრძელონ, შესაბამისად, დადგება რეალობა, როდესაც “კოლექტიურ ნაცმოძრაობას", კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
მდინარაძის თქმით, არავის მისცემენ იმის თქმის საშუალებას, რომ “ქართულმა ოცნებამ” “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვა თვითმმართველობის არჩევნებამდე დააჩქარა.
“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა უამრავი ისეთი არგუმენტი, რომელთა მიხედვითაც საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიის მანდატი გაფართოებულიყო და დღეის მდგომარეობით ის მოიცავს არა მხოლოდ 2003-2012 წლების, არამედ მთლიან პერიოდს, დღევანდელ დღემდე. შესაბამისად, შესასწავლი ობიექტებისა და საკითხების ნუსხაც გაცილებით ვრცელია, ასევე კომისიის სახელზე ყოველდღიურად შემოსდის საქართველოს პარლამენტში ასობით განცხადება, სადაც მოთხრობილია “ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი შემზარავი ისტორიები.
დამეთანხმებით, ყველა მათგანის საგამოძიებო კომისიაზე გამოტანა და დეტალურად შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა, კომისია ცდილობს, მაქსიმალურ დატვირთვით იმუშაოს და მოასწროს რაც შეიძლება მეტი.
წინა კვირას საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ქალბატონმა თეა წულუკიანმა დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ საჭიროა კომისიის საქმიანობის სამთვიანი ვადა გახანგრძლივდეს მინიმუმ ერთი თვით.
საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა ერთი თვით გავაგრძელოთ. ამ შემთხვევაში დღის წესრიგში შემოდის სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ სამთვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია, შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც “კოლექტიურ ნაცმოძრაობას, კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ჩვენი გუნდისათვის არც ერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს. როგორც იტყვიან ხოლმე, ზოგი ჭირი მარგებელიაო. შეიძლება ასეც იყოს ამ შემთხვევაში. მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი წელსვე თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში.
ამას გარდა, არავის მივცემთ უფლებას, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ამ საკითხის სპეკულირებისა და ამის საშუალებას არავის მივცემთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვა იჩქარა სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე და რადგან კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელება გახდა აუცილებელი, მოქმედებათა ფორსირებას ნამდვილად არ შევეცდებით”, - განაცხადა მდინარაძემ.