“ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა - ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია ვთქვა...“ - რას წერს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ავჭალაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ?
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე ავჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
"ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა ავჭალაში… გუშინ, ავარიულ კორპუსში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 13 წლის ბავშვი დაიღუპა.
ამ ამბავზე ლაპარაკი წარმოუდგენელია. საკუთარ თავს ვერ მივცემ უფლებას, ამ ტრაგედიაზე სიტყვა ვთქვა.
ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია ვთქვა: ავჭალაში ე.წ. “ტიტანიკის” კორპუსი 1980-იანი წლებიდან ითვლება ავარიულად. წლებია, ეს პრობლემა დღის წესრიგში დგას და 2015 წლიდან დღემდე, თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთი მცდელობა იყო, რომ იქ მცხოვრები ოჯახები დროებით ქირით გადაგვეყვანა, სანამ მათთვის ახალი კორპუსი აშენდებოდა.
სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობის სრულ თანხმობას ვერ მივაღწიეთ. თუმცა დღესაც, მუნიციპალიტეტი მზად არის — ხვალიდანვე, სურვილის მქონე ყველა ოჯახი უსაფრთხო გარემოში, ქირით გადაიყვანოს.
ახალი კორპუსის მშენებლობა ჩარგლის ქუჩაზე იგეგმება და პროექტირება მაისის ბოლოს სრულდება, რაც ცნობილია მოსახლეობისთვის და მათგან თანხმობების აღების პროცესი მიმდინარეობს წერილობით. ეს პროცესი შეუქცევადია და ბოლომდე მივიყვანთ.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ — მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ცდილობდა დახმარებას და დღესაც ამ პროცესშია.
გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას ეხება, დროულად უნდა იქნეს მიღებული. კორპუსი წლებია ავარიულია და მჯერა, მხოლოდ ერთიანი მოქმედებით შევძლებთ ოჯახების უსაფრთხო გადაყვანას და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას.
გულით ვიზიარებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის და ახლობლების ტკივილს…" - წერს ზარნაძე.
ავჭალის დასახლებაში, ე.წ ტიტანიკის კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, 13 წლის ბიჭი შახტში 2 დღის წინ ჩავარდა, სასწრაფომ კლინიკაში ცოცხალი გადაიყვანა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო და საავადმყოფოში გარდაიცვალა.