loader

ლოზუნგით - „ანწუხელიძე უკვდავია“ საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლოზუნგით - „ანწუხელიძე უკვდავია“ საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

„ანწუხელიძე უკვდავია“ - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მყოფი მოქალაქეები, „ქართული ოცნების“ წევრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც მან რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, გიორგი ანწუხელიძე მოიხსენია როგორც „უაზროდ განწირული, ვიღაცის პიარისთვის“.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, თეა წულუკიანმა და „ქართულმა ოცნებამ“ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს. მათი თქმით, გიორგი ანწუხელიძე ქართველი კაცისა და მებრძოლის სახეა და თეა წულუკიანის ამგვარი განცხადება ქართველ ხალში ბრაზს იწვევს, რომელსაც ხელისუფლება, ვერაფერს დაუპირისპირებს.

როგორც პარლამენტთან მიმდინარე აქციისას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა, „ოპოზიციის გასაშავებლად არ შეიძლება ქვეყნის ისტორია გააშავო“.

„ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემაა, როცა 2008 წლის ომის და იმ ტრაგედიის გაუფასურება ხდება, რაც დაგვემართა. განცდა მაქვს, წლების წინ, ეს განცხადება რომ ყოფილიყო, დღეს კიდევ უფრო მეტად გავბრაზდებოდით, მაგრამ იქამდე მივიდა სიტუაცია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებმა მიგვაჩვია, რომ შეიძლება ჩვენი ქვეყნის ისტორია პირდაპირ ეთერში გადაიწეროს. აქედან გამომდინარე, ამ ამბავს ვაპროტესტებთ. ეს იყო გმირობა, მას [ანწუხელიძეს] შეეძლო სახელმწიფო სიმბოლიკისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა და დღეს ის ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ რაღაც იყო მისთვის იდეა, რაც ყველაზე მეტად ძვირფასი იყო, ვიდრე რომელიმე პარტია, ან საერთოდ ხელისუფლება. სამშობლო და ქვეყანა იყო მისთვის პრიორიტეტული, არ შეიძლება, დღეს ვიღაც პარტია, ოპოზიცია არ მოგწონდეს და იმის გამო, რომ გააშავო, დგახარ და ქვეყნის ისტორიას აშავებ“, - განაცხადა კობერიძე.

რაც შეეხება პარლამენტთან არსებულ ვითარებას, ადგილზე მყოფი მოქალაქეები სკანდირებენ - „ანწუხელიძე გმირია“, „ანწუხელიძე უკვდავია“ და თან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

ასევე, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა:

„მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.