რას ამბობს ხუხაშვილი თეა წულუკიანის სკანდალურ განცხადებაზე? - "მთელ საქართველოს ისტორიას გადაუარა წულუკიანმა"
მარტო ანწუხელიძეს კი არა, მთელ საქართველოს ისტორიას გადაუარა წულუკიანმა, - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს.
"მარტო ანწუხელიძეს კი არა, მთელ საქართველოს ისტორიას გადაუარა წულუკიანმა. რატომ არ დაეტიენ სახლში დავით აღმაშენებლიდან დაწყებული და ერეკლე მეფით დამთავრებული, მეფენი და მათი ლაშქარი. ცხრა ძმა ხერხეულიძით დაწყებული და სამასი არაგველით დამთავრებული…და ბოლოს ასი ათასი მოწამე, რომლებიც “ვიღაც ქრისტეს პიარს” შეეწირენ უაზროდ," - წერს ხუხაშვილი.
“მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ. კითხვას ვსვამთ, თუ ეს აღმოჩნდა, რომ ასე იყო, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიტყვით და ვამბობთ რომ ეს ხალხი გმირები არიან," - თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.