"ვრცელდება დეზინფორმაცია და ცილისწამება! საზოგადოების შეცდომაში შეყვანას არ დავუშვებთ!" - "ლელო - ძლიერი საქართველო" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
"ორი დღეა "ლელო-ძლიერი საქართველოს" მიმართ პროპაგანდისტული "რუსთავი 2"- ის ეთერით ვრცელდება დეზინფორმაცია და ცილისწამება, თითქოს, "მამუკა ხაზარაძემ 9 აპრილს მოსკოვში პარტიის წარმომადგენელი მიავლინა, რომელიც იქ კონფიდენციალურ შეხვედრებს მართავს" (ციტატა სიუჟეტიდან)" - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ლელო-ძლიერი საქართველოს" ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია არის სიყალბე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
"ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიყალბე და მიზნად ისახავს "ლელო-ძლიერი საქართველოს"და მისი ლიდერის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რასაც არ დავუშვებთ!
"ლელო-ძლიერი საქართველო" დღიდან მისი დაარსებისა, ეფუძნება და ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ქვეყნის ევროპული ღირებულებების ყველაზე დიდი დამცველი და გამტარებელია!
ეს არის პარტია, რომელიც 5 წელია ხმამაღლა ამხელს "ქართული ოცნების" რუსულ რეჟიმს და არალეგიტიმური მთავრობის კავშირს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია და შესაბამისად, პროპაგანდისტული მედიის მცდელობა, КГБ - ს მეთოდებით გასვაროს ყველაზე მყარი და მზარდი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, უშედეგოა და არავინ დაიჯერებს!
რაც შეეხება პარტიის წევრს, თამარ რომელაშვილს, ის მოსკოვში, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფება. როგორც ჩანს, მისი გადაადგილება საზღვარზე სპეცსამსახურის ყურადღების ქვეშ მოექცა, რომელმაც სავარაუდოდ ეს “სკანდალური” ინფორმაცია პირდაპირ პროპაგანდისტულ მედიას გაუგზავნა და მათაც მორიგი, ამორალური, ცილისმწამებლური სიუჟეტი გაავრცელეს კოალიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის მიზნით!
"ლელო-ძლიერი საქართველო" აღნიშნულ დეზინფორმაციაზე რეაგირებისთვის ეთიკის ქარტიას მიმართავს!" - აღნიშნულია განცხადებაში.