რა ეწერა პატარა ბლოკნოტში, რომელიც გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მის ტანსაცმელში იპოვეს? - არტისტის გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, სანდრო ელოშვილი ემოციურ პოსტს ავრცელებს
რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში გივი ბერიკაშვილთან დაკავშირებით, ემოციურ პოსტს ავრცელებს:
"8 წლის წინ, ამ დღეს, მთელი ღამე ტაშკენტის ქუჩაზე ვიდექით საავადმყოფოსთან...
დაახლოებით დილის 4 საათისკენ ექიმებმა დაგვამშვიდეს და სახლში გამოგვიშვეს...
რომ დავიშალეთ, მალევე გარდაიცვალა ძია გივი!
ზურიკოს მისი ტანსაცმელი გამოატანეს, სანამ სახლში აიტანდა ჯიბეები მოჩხრიკა, რამე ისეთი ხომ არ უდევს, სახლში რომ არ უნდა ნახონო...
პატარა ბლოკნოტი იპოვა, თხოვნებით სავსე... მეთონეს შვილი ჰყავს სამკურნალო, ამასთან და ამასთან უნდა მივიდე...
მემწვანილეს ბიჭი მოსაწყობია უმაღლესში, ის უნდა შევაწუხო... ხილ-ბოსტნის ქალი ბინის ქირას ვერ იხდის... სულ შესასრულებელი თხოვნები... თავისთვის არაფერი, სხვებისთვის... და ის სხვებიც ისეთები... ვერ იტყვი რამე გამორჩენას ან ხეირს ნახავდა მათგან ადამიანი... არ იზარებდა, აკეთებდა... ასეთი იყო ნამდვილად!
ზურიკოც ასეთი იყო... ახლა აღარც გივია და აღარც ზურიკო...
8 წლის წინ გივი წავიდა ამ ქვეყნიდან!" - წერს სანდრო ელოშვილი.