"რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომელიც რუსთაველზე იყო, ფეხქვეშ გათელა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა" - შალვა პაპუაშვილი
ველით კონკრეტულ პასუხს შვედეთის საელჩოსგან - ემიჯნება თუ არა შვედეთის საელჩო მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ ამ ტერორს, რომელიც გუშინ მათ მოაწყვეს 9 აპრილის მონაწილეების მიმართ?, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, იმაზე, რაც გუშინ მოხდა, პასუხისმგებელია ყველა ის დონორი ორგანიზაცია და საელჩო, რომელთა მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სცადეს საზოგადოების დაპირისპირება.
"რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ეს იყო აბსოლუტურად სამარცხვინო აქტი. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომელიც რუსთაველზე იყო ფეხქვეშ გათელა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა, ფეხქვეშ გათელა ის იდეები, რისთვისაც 1989 წლის 9 აპრილს შეკრებილი ადამიანები საბჭოთა ჯარს წინ დაუდგნენ. ფეხქვეშ გათელა იდეა, რისთვისაც ეროვნული მოძრაობა იბრძოდა. თუმცა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ამას კიდევ უფრო ღრმა პრობლემები აქვს იმ მხრივ, რომ ეს არ იყო ცალკეული ადამიანის, ჩვენ ვნახეთ და ვიცით, რომ ეს იყო ორგანიზებული კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. "საერთაშორისო გამჭვირვალობა", "საფარი", "სირცხვილია", მათ შორის ლომჯარიას "ენჯეო" აორგანიზებდნენ ღონისძიებას, რომ ხელი შეეშალათ მათთვის მიუღებელი პირების მისვლისთვის რუსთაველზე. ერთი და მთავარი მიზანი, რაც იყო, რომ ამით მათ უნდოდათ პროვოცირება მოეხდინათ დაპირისპირებულ საზოგადოებას შორის. ვიხილეთ კიდევაც, რომ მას შემდეგ, რაც მათ ვერ მიაღწიეს თავის საწადელს თავად დაიწყეს ძალადობა. ამიტომ პრობლემა არის არა ის, რომ იქ ცალკეული ადამიანები იყვნენ, პრობლემა არც ის არის იმდენად, რომ რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია გეგმავდა საზოგადოების დაპირისპირებას.
პრობლემა არის იმ დონორებში, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ. ამ ორგანიზაციებს ჰყავთ კონკრეტული დონორები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა", რომელიც არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, მას აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო. ამიტომ გუშინ იქ ყვიროდა სინამდვილეში შვედეთის წარმომადგენლობა და არა რომელიღაცა ქართველი „ენჯეოს“ რომელიღაცა თანამშრომელი. გუშინ იქ ყვიროდა და ძალადობდა და თავს ესხმოდა საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეებს, რომელსაც იქ უყვიროდნენ და სხვა მოქალაქეებს, რომელსაც უნდოდა ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, იქ უყვიროდნენ კონკრეტული უცხო ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც შემდეგ იქ მივიდნენ თავად მემორიალთან.
ასე რომ, კითხვა მიემართება შვედეთის ელჩს: ეს არის, რასაც ისინი აფინანსებენ საქართველოში, რომ დააპირისპირონ ქართველი ხალხი? შვედეთის საელჩო არის პასუხისმგებელი, რომ გუშინ თავს დაესხნენ საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეს თავს დაესხნენ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგები. სამწუხაროა, რომ დღესდღეობით სიძულვილი, ზიზღი, ძალადობა, ტყუილი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა ასოცირებული არის ევროპულ დაფინანსებასთან.
ჩვენ გუშინ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე აბსოლუტურად ემოციურად დაზიანებული ადამიანების ისტერია, რომლებსაც კავშირი არ აქვთ არც რუსთაველის გამზირთან, არც 9 აპრილთან და სამწუხაროდ არც საქართველოსთან. ერთადერთი, მოქმედებენ სხვისი დაკვეთით იმისთვის, რომ რამენაირად კიდევ უფრო წაახალისონ თუ უბიძგონ დაპირისპირებას. ასე რომ სრული პასუხისმგებლობა ამ ამაზრზენ აქტზე, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არის კონკრეტული საელჩოების და დონორების. იმიტომ, რომ გუშინდელი ამაზრზენი აქტის ორგანიზატორები, ქართულ სამოსში გადაცმული როდიონოვები, ამისი ორგანიზატორები იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან კონკრეტული დონორების მხრიდან, ევროპული ქვეყნების ბიუჯეტებიდან, მათ შორის ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსებიან. არა მხოლოდ ამიტომ არიან პასუხისმგებელი, არამედ იმიტომ, რომ რაც მანამდე ხდებოდა, როდესაც სცადეს მათმა დაფინანსებულმა ადამიანებმა პარლამენტის შენობის დაწვა, როდესაც ქუჩაში ფაქტობრივად ტერორის დათესვა უნდოდათ და ფაშისტური კამპანიები აქვთ ატეხილი "მონა, მონას" ძახილით, ამ ფაშიზმს როდესაც არ ემიჯნებიან და არა თუ ემიჯნებიან, არამედ აფინანსებენ ფაშიზმს, ტერორს, სიძულვილს, პროპაგანდას, დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, ეს არის სწორედ დონორების პასუხისმგებლობა. ასე რომ, ვნახოთ, რას იტყვიან ამასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც გუშინ შვედეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები თავდასხმებს აორგანიზებდნენ რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე წუთში შვედეთის ელჩი მივიდა იქ, სადაც მისი დაფინანსებული ორგანიზაციები 9 აპრილის მონაწილეებს თავს ესხმოდნენ, მივიდა რამდენიმე წუთში და ყვავილებით შეამკო 9 აპრილის მემორიალი. ეს ფარისევლობა უნდა დასრულდეს. ველით კონკრეტულ პასუხს შვედეთის საელჩოსგან - ემიჯნება თუ არა შვედეთის საელჩო მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ ამ ტერორს, რომელიც გუშინ მათ მოაწყვეს 9 აპრილის მონაწილეების მიმართ?", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.