"ჩემი დათუნა… დღეს ჩვენს კლასში სიჩუმეა! გული რომ გასკდება და სიტყვებიც აღარ არის" - რას წერს მასწავლებელი ბათუმში დაღუპულ 13 წლის ბავშვზე
ბათუმში, მატარებლის დაჯახების შედეგად 13 წლის დათუნა დუმბაძე დაიღუპა. ბავშვის შესახებ სოციალურ ქსელში მასწავლებელი თამარ სურმანიძე წერს და ფოტოს აქვეყნებს.
"ვერ ვიჯერებ, რომ ეს სიტყვები ახლა უნდა დავწერო…
ჩემი დათუნა… ჩემი სიცოცხლით სავსე, მუდამ ღიმილიანი, მოუსვენარი, კეთილი და გულწრფელი დათუნა… ბავშვი, რომელსაც იმდენი სათქმელი ჰქონდა, რომ თითქოს დრო არასოდეს ჰყოფნიდა. სიკეთით და სიცოცხლის ხალისით ავსებდა კლასს. ყველას გაუღიმებდა, ყველას გვერდით დაუდგებოდა, ყველას გაახალისებდა.
დღეს ჩვენს კლასში სიჩუმეა. ეს სიჩუმე არ ჰგავს არაფერს. გული რომ გასკდება და სიტყვებიც აღარ არის — აი ასე გვტკივა ახლა…
დათუნა, მადლობა შენი არსებობის…" - წერს თამარ სურმანიძე.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. ისინი მომხდარს რკინიგზის ლიანდაგებისა და დასახლების მჭიდრო სიახლოვით ხსნიან.
"ჩვენს ქალაქში მორიგმა უბედურებამ კვლავ არასრულწლოვანი შეიწირა. საშინელი შოკი და უიმედობა გვაქვს. ჩვენთან რკინიგზის ლიანდაგები, ფაქტობრივად, დასახლებაში გადის, ლამის ეზოებში ჩაგვიაროს მატარებელმა. ამიტომაც, ხალხს უნდა, თუ არა, იძულებულია ლიანდაგებზე იმოძრაოს, სადაც ბავშვებიც ხშირად თამაშობენ და გადარბიან კიდეც. ან კი რა ქნან, შინ რომ მივიდნენ, ლიანდაგი უნდა გაიარონ. ეს რკინიგზა ადრე შუა ქალაქში გადიოდა. მერე, გეგონება, კარგი გამოსავალი იპოვეს და ზუსტად არ მახსოვს, 17-18 წლის წინ, ჩვენს დასახლებაში გადმოიტანეს. ჩვენთან ბოლო სადგური მდებარეობს და აქედან ხდება მატარებლების დაძვრა.
ჩვენი უბნელი უკარგესი ბიჭი დაგვეღუპა, 13 წლის. უკარგესი ოჯახი, შვილებს თავს რომ ევლებიან და თვალის არიდან არ იცილებენ, რაიმე ხიფათი არ დაემართოთო, ეს ასეთი ოჯახია. უფალმა მისცეს გამძლეობა ამ ხალხს. ბავშვი ჩვეულებრივად გადადიოდა ლიანდაგზე და ამ დროს დაეჯახა ბათუმი-ქუთაისის მიმართულების მატარებელი, ახალი დაძრული იყო ლიანდაგიდან" - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ადგილობრივი.
"საქართველოს რკინიგზა" ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს