მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან ტიტები და სანთლები მიიტანეს - რა ხდება რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში, სადაც მოქალაქეები ღამის გათენებას აპირებენ
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები არიან შეკრებილი. მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან მოტანილი აქვთ ტიტები და სანთლები.
ცოტა ხნის წინ ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირზე მივიდნენ „მედიის სოლიდარობის“ მარშის მონაწილეები. მათ 9 აპრილის მემორიალთან წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.
ამასთან, მათ 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაღუპული მოქალაქეების სახელი და გვარები გააჟღერეს.
“დიდება გმირებს!”, - აღნიშნავდნენ მოქალაქეები.
დღევანდელ აქციას სხვადასხვა ორგანიზატორი ჰყავს, ნაწილი რუსთაველის გამზირზე აპირებს ღამის გათენებას.
კერძოდ, 9 აპრილის მემორიალთან ღამეს გაათენებენ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები, რომლებმაც საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნეს.
ასევე ოპერის მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის წინ არიან შეკრებილები. როგორც ბურჭულაძემ განაცხადა, შეკრებილები 04:00 საათზე, ფიცს დადებენ.