"TV პირველის" ოპერატორის თქმით, "ფეისბუქ-პოსტის“ გამო შსს-მ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო - ლაშა ჯიოშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
„ტვ პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი აცხადებს, რომ „ფეისბუქ-პოსტის“ გამო შსს-მ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
ლაშა ჯიოშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოსაც, სადაც პოლიციელი სამართალდარღვევის ოქმს აცნობს.
მისი ინფორმაციით, შსს-მ საქმისწარმოება 173-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციისადმი სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.
ჯიოშვილი აცხადებს, რომ საქმე ეხება მის “ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც შსს-ს მოიხსენიებს, „როგორც ეკუთვნოდათ“ და აგინებს.
„დამირეკეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მომახსენეს, რომ ჩემს მიმართ საქმის წარმოება დაიწყო 173-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ითვალისწინებს. სასამართლოში შეგვაქვსო [სარჩელი].
გუშინწინ, 6 აპრილს, დავდე კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტი პატრულის მხრიდან, წაშლას არ ვაპირებ, სადაც შსს-ს მოვიხსენიებ ისე, როგორც ეკუთვნოდათ…...ისევ მაგ აზრზე ვარ, რა თქმა უნდა. შევხვდებით სასამართლოში. ადამიანები, რომლებიც კრიმინალს უნდა ებრძოდნენ, სხედან და ჩემს “ფეისბუქ“ სტატუსებს უთვალთვალებენ. ძალიან სასაცილოები ხართ. თუ გგონიათ, რომ მაგით რამეს თქვენს სასიკეთოდ შეცვლით, მინდა, გითხრათ, რომ უარესისკენ ცვლით. შევხვდებით სასამართლოში და რა თქმა უნდა, ცეცხლი ოლიგარქიას" - აცხადებს ჯიოშვილი, რომლის კომენტარსაც “ტვ პირველი“ ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 10 აპრილს, 11:15 საათზე ჩაინიშნა. საქმეს მოსამართლე დავით პაპუაშვილი განიხილავს.
"ინტერპრესნიუსი" დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.