"ჩემს თვალწინ დაიწყო ჩხუბი, ნასვამი იყო" - რა დეტალები ხდება ცნობილი წუხელ, თბილისში მომხდარ შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქეს მანქანა, სავარაუდოდ, განზრახ შეეჯახა
წუხელ, საბურთალოზე მომხდარ შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქეს მანქანა, სავარაუდოდ, განზრახ შეეჯახა ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
"Tv პირველის" ინფორმაციით, ფიზიკური ანგარიშსწორება ტაშკენტის ქუჩაზე ღამით მეზობლებს შორის მოხდა. დაშავებულია 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს. ის მძიმე დაზიანებებით მკურნალობას ამ დრომდე კლინიკაში აგრძელებს.
სიტყვიერი და ფიზიკური ანგარიშსწორების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ გინების და ჩხუბის ხმა საღამოს 22:00 საათისთვის გაიგეს, ანგარიშსწორების შემდეგ კი დაშავებული საავადმყოფოში თავადვე წაიყვანეს.
ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ მამაკაცებს შორის დაპირისპირება სუპერმარკეტ "გვირილასთან" იწყება, სადაც ახლომდებარე სკვერში ბავშვები თამაშობენ. 45 წლამდე კაცების გაშველებას რამდენიმე ადამიანი ცდილობდა. კადრებში ჩანს, რომ ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე ავტომობილში ჯდება, ქოქავს და ერთ-ერთ პირს მიზანმიმართულად აჯახებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩხუბში მონაწილე პირები, სავარაუდოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
ადგილზე საპატრულო და სამედიცინო დახმარების ბრიგადა არ გამოუძახებიათ. დაზარალებული კლინიკაში თვითდინებით შეიყვანეს.
წყარო/ ვიდეო:"Tv პირველი"