ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ განსხვავებული შეხედულებები მას და გრიგოლ ლილუაშვილს, რის გამოც რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე მისი დანიშვნა აღარ ხდება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ განსხვავებული მიდგომები მას და გრიგოლ ლილუაშვილს, რის გამოც ის რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს აღარ დაიკავებს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, მათ შორის, განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ მინისტრის მოადგილეებთან დაკავშირებით.
„რამდენიმე თემა იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, იყო მინისტრის მოადგილეების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება მინისტრის წარდგინებით მინისტრის მოადგილეები. აქ იყო განსხვავებული შეხედულებები, აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომელიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. დანარჩენი, შიდა სამზარეულოა. სხვადასხვა საკითხი იყო, მათ შორის მოადგილეების თემა, რაზეც განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. გვქონდა ჯანსაღი დიალოგი ამ თემაზე, ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე“, - აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას, გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად კახაბერ გულედანი დაიკავებს.