სად იპოვეს 24 წლის გიგა დაუშვილის ცხედარი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა
24 წლის გიგა დაუშვილი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა, სამწუხაროდ გარდაცვლილი იპოვეს. ამ ინფორმაციას დაკარგული ახალგაზრდის ახლობლები ავრცელებენ. ყველა ძალიან განიცდის მომხდარს. თითქმის ორი თვე ეძებდა ოჯახი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას.
ცნობილია, რომ გიგა 9 თებერვალს გავიდა სახლიდან. მისი ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, რომ ბოლოს ისინი ერთად იყვნენ დიღმის ჭალებში. სწორედ იქ იპოვეს დაკარგული ბიჭის მობილური ტელეფონიც. განგაშის ზარი დედამ იმავე დღეს ჩამოკრა და ყველგან ეძებდა თავის შვილს.იმ ღამით შვილი რომ ვერსად იპოვა, მეორე დილიდან საქმეში პოლიცია ჩართო და სამძებრო სამუშაოები პოლიციამ და მაშველებმა აქტიურად დაიწყეს. დეტალურად დაათვალიერეს მტკვრის მთელი პერიმეტრი და განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც ბოლოს გიგას მობილური ტელეფონი იპოვეს, თუმცა მაშინ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გიგა დაუშვილი სწორედ მტკვარშია პარასკევს ნაპოვნი, სავარაუდოდ ცხედარი მდინარემ გამორიყა. აქვს თუ არა დაზიანება ცხედარს, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი, ეს და ბევრი სხვა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებია. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და სახლშია გადასვენებული.
გიგა დაუშვილის დედა, ნათია დაუშვილი 4 დღის წინ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში დეტალურად ჰყვებოდა თავისი შვილის გაუჩინარების ამბავს და ითხოვდა სამართალდამცავებს კიდევ ერთხელ დაეკითხათ გიგას ის მეგობრები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ ბოლო წუთებში.
მას ბევრი პასუხგაუცემლები კითხვა აქვს დღემდე, რადგან როგორც ამბობს, მისი შვილის ორი მეგობარი სულ სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობდა და ურთიერთგამომრიცხავ ამბავს ჰყვებოდა. დედის ეჭვებიც ბუნებრივია და იმედია ამ კითხვებს გამოძიება გასცემს პასუხს.
სოციალურ ქსელში ახლობლები ემოციებით საუბრობენ 24 წლის ბიჭზე, ბიჭზე, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა. განაგრძეთ კითხვა