"საქართველოს შეიარაღებული ძალები არასდროს ემზადებოდა მისი ნაწილების წინააღმდეგ - რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას..." - რას აცხადებს ზაზა გოგავა?
საქართველოს შეიარაღებული ძალები არ იწვრთნებოდა იმისათვის, რომ ისინი „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ,- ამის შესახებ გენერალმა ზაზა გოგავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, სადაც განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია.
როგორც გოგავამ საუბრისას განმარტა, შეიარაღებული ძალების მომზადება „საფრთხეებიდან გამომდინარე გამომდინარეობდა“.
„ის საკითხი, რაც აქ იხილება, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხია. ის, რომ რაიმე, ასპროცენტიანი მაჩვენებლები მოასწავებდა ამ ყველაფერს, არა, მაგრამ ძალიან ბევრი პროვოკაცია [იყო] რუსეთის ე.წ სამშვიდობოებიდან უფრო სამაჩაბლოს მიმართულებით, ვიდრე აფხაზეთის მიმართულებით. 2008 წლის კომისიაზეც იმავე მაქვს ნათქვამი, სტენოგრამა გექნებათ და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. თუ რამე აცდენა იქნება, იქ რასაც ვამბობ, ნებისმიერ რამეზე პასუხისმგებელი ვარ. ის, რომ რაიმე მოასწავებდა, რომ ჩემი ხელმძღვანელობის მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები ემზადებოდა ან ერთ ან მეორე სეპარატისტული რეგიონის მიმართ, არ ვიცი.. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ზაზა გოგავას წინ დაუჯდება და ეტყვის რომ ასე იყოო, ყველგან პასუხს გავცემ. საქართველოს შეიარაღებული ძალები არასდროს არ ემზადებოდა მისი ნაწილების წინააღმდეგ. საქართველოს შეიარაღებული ძალები არ იწვრთნებოდა იმისათვის, რომ ისინი „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ. თუმცა ის, რომ მისი საფრთხეებიდან გამომდინარეობდა შეიარაღებული ძალების მომზადება, ამას ვადასტურებ. ეს ასეც უნდა იყოს და დღესაც დარწმუნებული ვარ, ასეა“,- განაცხადა გოგავამ.
ამასთან, მან დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვის საპასუხოდ განმარტა მიზეზი, რატომაც მან „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მისი თქმით, ის ვერ მისცემდა საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ესაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზე, როგორც „პოლიტიკურ კალაპოტში მოქცეულ“ ადამიანს.
„არაერთხელ პირად საუბრებშიც გამიჟღერებია მეც და ყველგან ვამბობ - ერთადერთ ვალდებულება, რაც დამრჩა, იმ საფლავებთან ვალდებულებაა. აქ ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რომ მჯდარიყო ადამიანი, რომელიც სუბიექტური იქნებოდა, ანუ პოლიტიკურ კალაპოტში მოქცეული. ამიტომ, მივიღე მე ეს გადაწყვეტილება [„ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების], სრულად თავისუფალი ვარ ამ კუთხით. სამხრეებითაც ამიტომ მოვედი აქ, რომ თავისუფლად, ღიად ვისაუბრო იმ თემებზე, რაც ეხება სამხედროებს, იმ ღირსებას, რაც საჭიროა და რასაც ვალდებულებად ვთვლი, სანამ ცოცხალი ვიქნები, მნიშვნელობა არ აქვს ამას. ალბათ, თქვენ იცით, რომ არ არსებობს ფორმატი, რომელშიც ეს საკითხი განიხილება და გენერალი გოგავა ამას თავს აარიდებს. გამორიცხულია, ეს ასე არ მოხდება. ამის შემაფერხებელი ფაქტორი იქნებოდა ის, რომ დღეს, თქვენ აქ პოლიტიკოსი გოგავა გეხილათ“,- განაცხადა გოგავამ.