"მონა ხარ ბიჭო, მონა" - მოსამართლემ ბრალდებული რევაზ კიკნაძე დარბაზიდან გააძევა
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ბრალდებული რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა.
აღნიშნული მას მაშინ მოხდა, რაც ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რომ სასამართლო სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სასამართლო სხდომის მონიტორინგის განსახორციელებლად დაეშვა.
შუამდგომლობასთან დაკავშირებით ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ სიტყვა ითხოვა, მოსამართლეს მიმართა და მას „მონა“ უწოდა.
ამის შემდეგ კი, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა, რევაზ კიკნაძემ კი სასამართლო დარბაზის დატოვების დროს საქართველოს ჰიმნის შესრულება დაიწყო.
ასევე საკუთარი გადაწყვეტილებით დარბაზი დატოვა ბრალდებულმა რუსლან სივაკოვმა.
ადვოკატებმა, ინციდენტის შემდეგ, მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.