loader

ცნობილია სასამართლოს გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია სასამართლოს გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ

აქტივისტი ჯაფარ ილმაზი, იგივე თემურ ქათამაძე, რომელსაც კლინიკა "ვივამედის" დირექტორისთვის, ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 800-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქათამაძე 6 მარტს კლინიკაში იმყოფებოდა, მას სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. მან კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე განახორციელა წვრილმანი ხულიგნობა, შეურაცხყოფა მიაყენა კლინიკის დირექტორს, ნინო ნადირაძეს.

თავის მხრივ, ქათამაძემ განმარტა, რომ ის 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ, კლინიკაში არასათანადო პირობებში განათავსეს. ის მომხდარ ფაქტს უარყოფდა.

"არც სიტყვიერი, არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, პირიქით, მათი მხრიდან იყო შეურაცხყოფა. ფეხის მოქნევაო - მე უბრალოდ, 5 წუთის შემდეგ ფეხი შევცვალე, გადადგმული ფეხი ავწიე და ყვირილი დაიწყო [ნადირაძემ], სამი ადამიანია მოწმე, ფეხი დამარტყაო, არა ქალბატონო არ დამირტყამს - მეთქი. სულ წყნარი ვიყავი, ხმა არ ამიწევია, ჩემს მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი",- განაცხადა სხდომაზე ქათამაძემ.

თემურ ქათამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე პატიმრობაშია. ის ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.