"გელა უძილაური წარსულშიც ნასამართლევია - მან ლევან ჯანგველაძის და მისი მძღოლის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა" - რას აცხადებს პროკურორი?
უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა, ნაწილი ადრესატებს მოხვდა, დანარჩენი ტყვიები კი დაფრინავდა, - ამის შესახებ ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ბრალდების მხარე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
როგორც პროკურორი გია შაიშმელაშვილი განმარტავს, გელა უძილაურმა სროლა განახორციელა ლევან ჯანგველაძისა და მისი პირადი მძღოლის გია ჩადუნელის მიმართ.
პროკურორის თქმითვე, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება სახეზეა, რადგან დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს.
შაიშმელაშვილის თქმით, ბრალდებული უკვე მიიმალა, მას შემდეგ, რაც მან დანაშაული ჩაიდინა, მისი სასამართლოში წარმოდგენა კი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა შესაძლებელი.
რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურებას, პროკურორის თქმით, მას შემდეგ, რაც უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან კონკრეტული პირების მიმართ გასროლა განახორციელა, მან ცეცხლსასროლი იარაღი წაიღო, გადამალა, შეიძლება გაანადგურა კიდეც, რადგან ამ ეტაპისთვის პროკურატურისთვის დანაშაულის ჩადენის იარაღი მიუწვდომელია.
შაიშმელაშვილის თქმით, უძილაურს რეგისტრირებული აქვს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, აქედან ერთი ბევრ ვაზნასთან ერთად ბრალდების მხარემ ამოიღო, მეორე იარაღი კი ამ დრომდე ამოღებული არ არის.
რაც შეეხება, მოწმეებზე ზემოქმედების ნაწილს, როგორც შაიშმელაშვილი აღნიშნავდა, „უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა, ნაწილი ადრესატებს მოხვდა, დანარჩენი ტყვიები კი დაფრინავდა“.
შაიშმელაშვილის თქმით, უძილაური წარსულში ძალადობრივი ქმედებისთვისაა ნასამართლევი და მის მიმართ პირობითი მსჯავრი იყო გამოყენებული.
პროკურორის თქმითვე, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, თუ რატომ ჩაიდინა ეს, ამის დასადგენად და გასაგებად ძალისხმევას არ დაიშურებენ, თუმცა, მისი თავისუფლებაში ყოფნა საგამოძიებო მოქმედებებს ხელს შეუშლის.
დაცვის მხარე აღნიშნულს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ უძილაურის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული.
ადვოკატ მარიამ ტაბატაძის თქმით, უძილაურის მხრიდან ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები არ არსებობს.
მისივე თქმით, მიმალვის ნაწილში პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული არ არის, ვინაიდან უძილაურმა ყველა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღო.
ცნობისთვის, შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.