"შოკირებულია, ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა"- რა დეტალებზე საუბრობს 21 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი?
თბილისში, ბარ „სახელოსნოსთან" 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 18 წლის ლუკა შენგელიას საქმეზე საქალაქო სასამართლო დღეს, 18 მარტს იმსჯელებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
დაკავებულის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე "პირველებს" ეუბნება, რომ ბრალდებული "შოკურ მდგომარეობაშია", რის გამოც მისი პოზიცია ბრალთან დაკავშირებით უცნობია.
დაკავებულის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში 21 წლის ბიჭის გადარჩენა შეიძლებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ლუკა შენგელიამ თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პროკურატურამ გიორგი ახალაიას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება გუშინ წარედგინა.
ლუკა შენგელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო/ვიდეო: "Tv პირველი"