"მისი გამოყენება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ..." - საშიშია თუ არა მიკროტალღური ღუმელი და მასში გამთბარი კერძები ჯანმრთელობისთვის?
მიკროტალღური ღუმელი საქმიანი ადამიანის ფასდაუდებელი დამხმარეა. რადგან ის სამზარეულოში ძალიან კომფორტული და ფუნქციური ნივთია. თუმცა იყო დრო, როდესაც დიასახლისებს ამ მოწყობილობის ეშინოდათ. ბევრს დღესაც ჰგონია, რომ მასში მომზადებული საკვები ჯანმრთელობისთვის საშიშია.
მოწყობილობა 1945 წელს ამერიკაში შეიქმნა, და ის სამხედრო პერსონალისთვის საკვების გალღობის ფუნქციას ასრულებდა, იყო ძალიან დიდი და საკმაოდ ძვირიც, მაგრამ ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ერთად დაიხვეწა და განვითარდა. თუმცა არ შეცვლილა ის მითები რაც დღემდე მის გარშემო ტრიალებს.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ საშიში და მავნე გამოსხივება ღუმელს არ აქვს. თუმცა ერთ-ერთი გავრცელებული მითის თანახმად, არ შეიძლება მუშა მდგომარეობაში მყოფ ღუმელთან ახლოს დგომა. სინამდვილეში, მიკროტალღური ღუმლის გამოსხივებას სუსტი შეღწევადობა ახასიათებს, რომელსაც ლითონის თხელი ფურცელიც კი აკავებს. გაჟონვის ერთადერთი ვარიანტი ღუმლის ღია კარია. ყველა თანამედროვე მიკროტალღური ღუმელი კი კარის გაღებისას ავტომატურად ითიშება.
მთავარ კითხვაზე, მიკროტალღური ღუმლით მომზადებული საკვები არის თუ არა საზიანო, არაერთი სამეცნიერო კვლევა სცემს პასუხს.
მკვლევრები ამტკიცებენ, რომ პროდუქტის გაცხელების პროცესი მიკროტალღურ ღუმელში ისეთივეა, როგორც ხარშვის ან შეწვის დროს. სტანდარტული ღუმელები იყენებენ 2.45ჰერცის სიხშირის მქონე ტალღებზე მომუშავე ნაწილებს, რაც დაახლოებით 12სმ სიგრძეს უდრის. შედეგად, წარმოიქმნება წყლის მოლეკულებზე დაფუძნებული ვიბრაცია, რომელიც თავის მხრივ, წარმოქმნის სითბოს, გადასცემს მას საკვების მოლეკულებს და ათბობს ჩვენთვის სასურველ კერძს.
ეს პროცესები ჩვენთვის უსაფრთხო გზით მიმდინარეობს, რასაც განსაკუთრებით უზრუნველყოფს ე.წ დამცავი ბადე, რომელიც ნებისმიერ მიკროტალღურ ღუმელს ახლავს თავს.
ზოგადად, პროდუქტი უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს თერმული დამუშავების ტრადიციული მეთოდებისას. საქმე ისაა, რომ მიკროტალღურ ღუმელში საჭმელი კეთდება გაცილებით უფრო სწრაფად. ბევრი სასარგებლო ნივთიერება კი იშლება სწორედ ხანგრძლივი დამუშავებისას, მაგალითად В1, В2, В12 ვიტამინები და ფოლიუმის მჟავა. ამასთან, წვის პროცესისგან განსხვავებით, მიკროტალღურ ღუმელში კანცეროგენები არ წარმოიქმნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მოწყობილობა უსაფრთხოა თუ ტექნიკას სწორად გამოიყენებთ, მისი გამოყენება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ მისი ბადე დაზიანდება, რადგან ის წარმოადგენს დამცავ ბარიერს თქვენსა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო გამოსხივებას შორის.
გარკვეული სახის გამოსხივება ნებისმიერი სახის ტექნიკას ახასიათებს, თუმცა ტექნოლოგიურ ეპოქაში, როდესაც აქცენტი საქმის მარტივ და სწრაფად კეთებაზეა გადატანილი, შეიძლება ითქვას, რომ მიკროტალღური ღუმელი ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.