"ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაყიდონ ერთ ლარად, მყიდველი ვინ იქნება, არაა ძნელი მისახვედრი" - რომან გოცირიძე გიორგი გახარიას პარტიის განცხადებას ეხმაურება
რომან გოცირიძე გიორგი გახარიას პარტიის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"გახარიას პარტიის განცხადება “ჯორჯიან მანგანეზის” ანუ ჭიათურისა და ზესტაფონის საწარმოების ე. წ. ნაციონალიზაციის შესახებ არის პოპულისტური და მავნებლური. ეს არის უცხოელი ინვესტორის ქონების მიტაცება, საითკენაც მიჰყავდა 2017 წლიდან “ოცნების” კლანს ეს პროცესი. სინამდვილეში კარგა ხანია იგი სახელმწიფოს მართვაშია. ამ ხნის განმავლობაში გაძარცვეს საწარმო, დაუგროვეს ათეულ მილიონობით ლარის ოდენობის საბიუჯეტო დავალიანება და ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაყიდონ ერთ ლარად. მყიდველი ვინ იქნება, არაა ძნელი მისახვედრი.
საწარმოში, რომელიც შევარდნაძის დროს სიმბოლურ ფასად, ერთ დოლარად ვერ გაიყიდა, უცხოელმა ინვესტორმა ჩადო ასობით მილიონი დოლარი, რომლის შემდეგ იგი გახდა ნომერ პირველი საექსპორტო საქონლის მწარმოებელი და პრივატიზაციიდან დღემდე რამდენიმე მილიარდი დოლარის პროდუქცია აქვს გაყიდული საზღვარგარეთ.
ნაცვლად იმისა, რომ ამ საწარმოში დასაქმებულ ათასობით ადამიანს და მთელ საზოგადოებას აეხსნას, რომ სწორედ რომ სახელმწიფოს მმართველობაში გადასვლამ გამოიწვია მისი გაკოტრება, რასაც შეიძლება ჭიათურაში მადნის მოპოვების საერთოდ შეწყვეტა მოჰყვეს ტყიბულის მსგავსად, “რენაციონალიზაციის” აბსურდულ წინადადებას აყენებენ. პრივატიზაციის შედეგების რევიზია პუტინის გეგმას წააგავს, რომელიც რუსეთში წამოიწყეს.
შექმნილ ვითარებაში დამნაშავეა ივანიშვილის რეჟიმი და საწარმოს ივანიშვილის მთავრობის ხელში გადაცემის მოთხოვნა არასერიოზულია." - წერს რომან გოცირიძე.