რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში, მას შემდეგ რაც მოსამართლემ გიორგი ჩიკვაიძის დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოაცხადა - "მურუსიძის მონა"
დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულმა ბიზნესმენმა, გიორგი ჩიკვაიძემ სასამართლო პროცესზე მოსამართლე იზა კელენჯერიძეს „მურუსიძის მონა“ უწოდა.
ჩიკვაიძემ კელენჯერიძეს მას შემდეგ მიმართა, რაც მოსამართლემ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაოს - პატიმრობით შეცვლის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ „ყველაფერს გააკეთებს მის დასასანქცირებლად“.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ირაკლი პაპიაშვილს, მისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დარჩა.
ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.
თუმცა, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.
ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი "ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს - ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.
გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.