"გოგოებს დახვდნენ უბანში და ძალიან არიან ნაცემები!" - რას ამბობენ შსს-ში "კრაბ კოფის" თანამშრომლებზე თავდასხმაზე?
"კრაბ კოფის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
უწყების ცნობითვე, დაკავებულია ერთი მამაკაცი.
"კრაბ კოფის" ერთ-ერთი მეპატრონის, ქრისტი პირველის ინფორმაციით, მაღაზიის დამფუძნებლებს თავს დაესხნენ.
"მეგობრებო, სამწუხაროდ დღეს "კრაბ კოფი" არ იქნება. მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა. ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ", - წერს ქრისტი პირველი ჯგუფ "დაიტოვეში".
"კრაბ კოფის" მეპატრონე გოგონებს, რომლებიც მუდმივად უსასყიდლოდ უმასპინძლდებიან აქციის მონაწილეებს დღემდე, დახვდნენ უბანში და ძალიან არიან ნაცემები!" - დაწერა სოციალურ ქსელში მოქალაქე მაგდა მამუკაშვილმა.
მოგვიანებით ქრისტი პირველმა დაწერა, რომ კბილი მოტყდა და იმპლანტი სჭირდება, მასთან ერთდ მყოფს კი ცხვირი აქვს გატეხილი.
"მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თანადგომისთვის. ყველას გეფერებით და გვიყვარხართ. ჩვენ არაფრის გვეშინია, სახლში ვართ უკვე, ველოდებით გამოძიებას.
სამწუხაროდ, დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, სანამ გამოძიება მიმდინარეობს.
დაზიანებებს რაც შეეხება, წინა კბილის ღრძილის მოტეხილობა მაქვს მე და იმპლანტი მჭირდება, ბარბის ცხვირი აქვს მოტეხილი და ხვალ დილით ჩაუტარდება ოპერაცია", - ამბობს ქრისტი პირველი.