"გამწარებული დედა ვარ! ასე მომიკლა ორი შვილი... არ ვიცი, როგორ გავუძლო ამ ყველაფერს" - რას ჰყვება ქალი, რომლის ქალიშვილი პოლიციელმა ქმარმა მოკლა ზესტაფონში, ახლა კი ვაჟიც დაეღუპა
11 წელი გავიდა სალომე ჯორბენაძის სასტიკი მკვლელობიდან.
2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, ე.წ. ირინეს ბაღში, ხალხმრავალ ადგილას, თვითმხილველების თვალწინ, დღისით, 19 წლის სალომე ჯორბენაძეს ყოფილმა ქმარმა, 25 წლის სერგი საცერაძემ 5 ტყვია დაახალა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელი კი პოლიციელებს ბრალის აღიარებით ჩაჰბარდა. საცერაძე ზესტაფონის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო და დანაშაული ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა. ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ამ ტრაგედიის დროს, სალომეს ძმა სტუდენტი იყო. როგორც დედა, ფატი ჭელიშვილი ამბობს, მისი შვილის ფსიქიკამ ვერ გაუძლო ამ ტკივილს. სამწუხაროდ, ახლა ცნობილი ხდება, რომ სალომეს ძმამ, 34 წლის ლაშა ჯორბენაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
უკვე ერთ წელზე მეტია, სალომეს მშობლები და მისი ვაჟი, სანდრო ქვეყნიდან წავიდნენ და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვეს, რადგან როგორც დედა ამბობს, საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ. ახლა მშობლები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ისინი საქართველოში ჩამოსვლას და შვილთან გამოთხოვებას ვერ ახერხებენ.
"კვირის პალიტრა" ფატი ჭელიშვილს (დედას) გერმანიაში დაუკავშირდა.
- გამანადგურეს, 11 წლის წინ დაიწყო ჩვენი ოჯახის განადგურება და დღეს ჩემი შვილები - სალომე და ლაშა აღარ მყავს. ყველაზე მძიმე და გამანადგურებელი ის არის, რომ სალომე დავიტირე, მაგრამ ახლა ლაშასთან ვერ მივდივარ. გერმანიაში პოლიტიკური სტატუსით ვართ და ჩამოსვლა არ შემიძლია. სალომეს ვაჟის, სანდროს უსაფრთხოება რომ დამეცვა, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე სანდროსთან ერთად ჩამოვედით გერმანიაში და პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვეთ. 14 თვეა აქ ვართ. 5 კითხვა გაუგზავნეს საქართველოს საელჩოს და დადასტურებას ელოდებიან. ანა ნაცვლიშვილმა გადმოუგზავნა, რომ გვემუქრებიან და დაცვა გვჭირდება. ახლა ამხელა უბედურება დაგვატყდა თავს, ლაშა აღარ მყავს. გვინდა წამოსვლა და შვილთან გამოთხოვება, მაგრამ უარს მეუბნებიან. საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს და ვერ დაგიცავთ, რომ გაგიშვათო. უსაფრთხოება არ იქნება დაცულიო, ამიტომ ვერ მოვდივართ. არ ვიცი ამას როგორ გავუძლებთ. სამივე ვსხედვართ უცხო ქვეყანაში და ვტირით. განაგრძეთ კითხვა>>>