"თაღლითური სქემის ავტორები ცდილობენ მოქალაქეთა თანხების დაუფლებას" - შემოსავლების სამსახური საზოგადოებას აფრთხილებს!
შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მათი სახელით მოქმედი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.
"შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო ზედმეტობა და თანხის დაბრუნების მიზნით, SMS-ის ავტორები მომხმარებლებს მითითებულ ბმულზე გადასვლას სთავაზობენ.
შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული გზავნილი არის სიცრუე და არანაირი შეხება არ აქვს უწყების საქმიანობასთან. თაღლითური სქემის ავტორები ცდილობენ მოქალაქეთა თანხების დაუფლებას/გამოყენებას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში და მაქსიმალურად შეზღუდონ პირადი ინფორმაციის გაზიარება.
აქვე გაცნობებთ, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ "საქართველოს ფოსტის" მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება" - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.