ბიბასების დაკრძალვა ისრაელში - ხალხის ცოცხალი ჯაჭვი ქვეყნის მასშტაბით პატივის მისაგებად
ბიბასების დაკრძალვა ისრაელში - ხალხის ცოცხალი ჯაჭვი ქვეყნის მასშტაბით პატივის მისაგებად.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ჰამასის ისრაელელი მძევლები - 10 თვის კფირ ბიბასი და მისი 4 წლის ძმა, არიელ ბიბასი ტერორისტებმა "თავიანთი შიშველი ხელებით მოკლეს". ჰამასი აქამდე დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მცირეწლოვანი ძმები 2023 წლის ნოემბერში ღაზაზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპნენ.
"ჰამასის ტყუილების საწინააღმდეგოდ, არიელ და კფირ ბიბასები საჰაერო იერიშს არ მოუკლავთ, არიელ და კფირ ბიბასები ცივსისხლიანად მოკლეს ტერორისტებმა. ტერორისტებმა 2 პატარა ბიჭს არ ესროლეს - მათ ისინი შიშველი ხელებით მოკლეს. ამის შემდეგ მათ საშინელი ქმედებები ჩაიდინეს, რომ ეს სისასტიკე დაემალათ". - განაცხადა ჰაგარიმ.
ამასთან, ისრაელის არმიის განცხადებით, 20 თებერვალს ჰამასის მიერ გადაცემული 4 ისრაელელი მძევლის ცხედრებიდან სამის იდენტიფიცირება მოხერხდა, მათ შორის, 4 წლის არიელ ბიბასის, 9 თვის კფირ ბიბასისა და 83 წლის ოდედ ლიფშიცის, თუმცა ცხედარი, რომელიც, ჰამასის თქმით, ბავშვების დედას, შირი ბიბასს ეკუთვნოდა, სხვა ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა.
"ეს არის ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის უკიდურესი სიმძიმის დარღვევა". - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.
ჰამასი მძევლების ისრაელისთვის გადაცემამდე ისრაელის მთავრობას უგზავნის გასათავისუფლებელი მძევლების სახელებს. ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ ძალაში 19 იანვარს შევიდა, რის შემდეგაც ეტაპობრივად ისრაელს 28 მძევალი გადასცა. მათგან ქვეყანას 24 დაუბრუნდა ცოცხალი, ხოლო 4, 20 თებერვლის გაცვლის ფარგლებში, გარდაცვლილი.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარი, რომელიც, ჰამასის თქმით, შირი ბიბასს ეკუთვნოდა, სხვა ქალის ცხედარი იყო. მეტიც, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ცხედარი ჰამასის ტყვეობაში მყოფ არცერთ ისრაელელ მძევალს არ ეკუთვნის.
ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, იმის გამო, რომ ჰამასმა ისრაელს დაღუპული მძევლის, 32 წლის შირი ბიბასის ცხედარი არ გადასცა, "ისრაელი ჰამასს გადაახდევინებს".
"ჩვენ ვიმოქმედებთ განზრახვით, რომ შირი შინ დავაბრუნოთ სხვა ყველა მძევალთან ერთად, ისინი ცოცხლები იქნებიან თუ გარდაცვლილები და უზრუნველვყოფთ, რომ ჰამასმა სრულად გადაიხადოს შეთანხმების ამ სასტიკი და ბოროტი დარღვევის გამო". - თქვა ნეთანიაჰუმ ვიდეო-მიმართვაში.
ჰამასმა 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ მცირეწლოვნები და მათი დედა ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპნენ. თუმცა ისრაელის არმიის განცხადებით, დაზვერვის მონაცემები და ექსპერტიზის დასკვნა აჩვენებს, რომ მცირეწლოვნები ტერორისტებმა გამიზნულად დახოცეს.
20 თებერვალს პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ისრაელს 4 დაღუპული ისრაელელი მძევლის ცხედრები გადასცა. მათ შორისაა 2 მცირეწლოვანი ბიჭი, რომლებზეც დიდი ხანია, ვარაუდობდნენ, რომ ტერორისტების ტყვეობაში დაიღუპნენ.
მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰამასმა ისრაელს მძევლების ცხედრები გადასცა.
4 დაღუპულ ისრაელელ მძევალს შორისაა 32 წლის ქალი, შირი ბიბასი, მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი - 4 წლის არიელი და 9 თვის კფირი და 84 წლის მამაკაცი, ოდედ ლიფშიცი. ყველა მათგანი ტერორისტებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის დროს გაიტაცეს.
შირი ბიბასის მეუღლე, დაღუპული მცირეწლოვანი არიელისა და კფირის მამა, იარდენ ბიბასი ჰამასის ტყვეობაში 16 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. იგი 1-ელ თებერვალს გათავისუფლდა.
"ჩვენი გულები - მთელი ერის გული - დამსხვრეულია. ისრაელის სახელმწიფოს სახელით, გიხრით თავს და გთხოვთ პატიებას. პატიებას, რომ ვერ დაგიცავით იმ საშინელ დღეს. პატიებას, რომ ვერ დაგაბრუნეთ შინ უსაფრთხოდ". - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა.
ტერორისტებმა წითელი ჯვრისთვის ცხედრების გადაცემამდე ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში, ტრადიციულად, სცენა მოაწყვეს და სცენაზე 4 შავი კუბო დემონსტრაციულად დაასვენეს. სცენაზე აღმართულ ბანერზე დაღუპული მძევლების სურათებთან ერთად ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსახულება იყო დატანილი. ბანერი ნეთანიაჰუს გამოსახავდა, როგორც ვამპირს. ტერორისტების მტკიცებით, მძევლები ღაზაზე ისრაელის ერთ-ერთი იერიშის შედეგად დაიღუპნენ.
ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ჰამას-ისრაელის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ძალაში ომის დაწყებიდან დაახლოებით 15 თვის შემდეგ, 19 იანვარს შევიდა, ჰამასმა ამ დროისთვის ისრაელს 28 მძევალი გადასცა - მათგან 24 ცოცხალი, ხოლო 4 დაღუპული. ისრაელიდან ღაზის სექტორში დაბრუნდა ასობით პალესტინელი პატიმარი.
შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33-დან 25 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს (მათგან 8 ტყვეობაში გარდაიცვალა), მათ შორის, ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე პირებს გაათავისუფლებს.