ახალი გადაწყვეტილება, რომელიც სესხებს ეხება - რა იცვლება მოქალაქეებისთვის?
იპოთეკური და ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის წესი იცვლება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
კერძოდ, თუ აქამდე იპოთეკის შემთხვევაში სესხის უზრუნველყოფის მაჩვენებელი 70%-ს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ შესასყიდი უძრავი ქონება 100 000 ლარი ღირს, კომერციული ბანკისგან მაქსიმალური თანხა, რომლის სესხებასაც მოქალაქე შეძლებს, 80 000 ლარი იქნება (აქამდე ეს თანხა 70 000 ლარი იყო). სესხის მაქსიმალურ თანხას შორის არსებული სხვაობის დაფარვა კი საკუთარი სახსრებით მოუწევს.
იპოთეკური სესხის აღებას უფრო მეტი ადამიანი შეძლებს
„ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზების ფონზე, უძრავი ქონების ბაზარზე მდგრადი აქტივობის შენარჩუნების მიზნით, ეროვნული ბანკი სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალურ მაჩვენებელს ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის დროებით 5 პროცენტული პუნქტით, 90%-მდე, ზრდის. ასევე, 10 პროცენტული პუნქტით, 80%-მდე, გაიზრდება სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი იპოთეკურ სესხებზე საქართველოს ფარგლებს გარედან შემოსავლის მიმღებთათვის. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში.
ცნობისთვის, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტით (LTV) განისაზღვრება სესხის მაქსიმალური მოცულობა იმ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად, რომლითაც სესხია უზრუნველყოფილი.
ამასთან, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის უცვლელად, 0,25%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის შეფასებით, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. განაგრძეთ კითხვა