რას ჰყვება გოგო, ვის სახლშიც ტრაგედია დატრიალდა და ვინ არის მამაკაცი, რომელიც ოზურგეთში, მეზობელთან დასახმარებლად მისული, ტრაგიკულად დაიღუპა
სტიქიამ გურიაში ათობით სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მისი სახლი, სადაც ბებო მარტო ცხოვრობდა სრულიად დაინგრა, მოხუცის მოსაკითხად მისული ახლობელი კი ამ ამბავმა შეიწირა.
როგორც თათია დედოფალიძე სოციალურ ქსელში წერს, არანაირი სამაშველო და სასწრაფო დახმარება ადგილზე არ ყოფილა, სახლის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი კი მეზობლებმა შიშველი ხელებით ამოიყვანეს.
გარდაცვლილი იური ჭუმბურიძეა, რომელიც მეზობელს ეხმარებოდა.
"დაინგრა ჩემი სახლი, სადაც მარტო ცხოვრობს ბებო. არანაირი სამაშველო და სასწრაფო დახმარება იქ არ ყოფილა. ბებოს მოსაკითხად მისული ოჯახის მეგობარი შეეწირა ამ ამბავს, როდესაც სახლმა ტკაცუნი(ნგრევის ხმა) დაიწყო, გაზის გადასაკეტად წასვლა გადაწყვიტა.
მეორემ ბებოს ხელი კრა და მცირე დაზიანებით გადარჩა. სახლის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი მეზობლებმა შიშველი ხელებით ამოიყვანეს რამდენიმე საათის შემდეგ. არც სახურავის გადათოვლა მიდიოდა და არც დახმარება ყოფილა ადგილზე, გმირი მეზობლების გარდა!" - წერს თათია დედოფალიძე.