"გამოძიება ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს" - რას ამბობს გამომძიებელი სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკაზე
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, ვასილ კაკაშვილის განცხადებით, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დაზარალებული ქალის მიმართვისა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი მხრივ თავად დაზარალებული მიუთითებდა ცნობილაძეზე, მეორე მხრივ კი META-დან მიღებული ინფორმაცია იმ მისამართს ემთხვევა, „საიდანაც ყალბი „ექაუნთის“ გამოყენებით ინტიმური შინაარსის ფოტო მასალის მოპოვება ხდებოდა“. გამომძიებლის ინფორმაციით, ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა და ნივთებია ამოღებული.
ცნობისთვის, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩხრეკას რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვების საქმეს უკავშირდება.