"აი, ამის დაწერა არ მინდოდა საჯაროდ, მე ნაკლებად მემეტებით სიბინძურის შემოფრქვევისთვის! ხოდა, რამ დაგშოკა ლაშა?" - ნათია ფანჯიკიძე ლაშა ბუღაძეს
მწერალი ლაშა ბუღაძე ირაკლი ალასანიას მიერ "რადიო თავისუფლებსთვის" მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ალასანიას ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო შოკში ჩამაგდო სიტუაციური კარიერისტების და უპასუხისმგებლო პოლიტიკანების "კატის მეხსიერებამ" - ინდულგენცია რომ გახდა ახლა ივანიშვილის ოპონირება და წლების წინ კი მისი ძალაუფლების არმხილება და განმტკიცება რომ იყო ქცევის ნორმა. ამჟამინდელი და ტრადიციულად ანტიქოცური ოპოზიციის წარმომადგენლები ნიშნისგებით ბრაზობენ - ჩვენ ვიბრძოდით და ოპოზიციად ახლა ეგენი ითვლებიანო.
ჰოდა, ჩვენო ძვირფასებო, უპასუხისმგებლოებო, ნაწყენებო, ფულით ნაყიდნო, გადაგდებულნო თუ გაუყიდავებო, ახლა ყველა ერთ დიდ უბედურებაში ვართ და ის მაინც გააკეთეთ, რომ ყოველ საღამოს რუსთაველის გადაკეტვაში მიეშველოთ ხალხს! ფიზიკურად მაინც დადექით, რადგან სხვა თქვენგან არც არაფერია უკვე საჭირო და ეს მაინც იკისრეთ - ერთი საათია საჭირო, მეტი არა! ძველო ქოცებო - ექს-მინისტრებო და დეპუტატებო, მოდით და მიეშველეთ ხალხს პროტესტის უწყვეტობაში, დადექით ქუჩაში! ამჟამინდელო ოპოზიციურო პარტიებო - კაცებო და ქალებო, - ფეისბუქზე პოსტვას და ვინ უფრო მორალურია, მანდ შეჯიბრს, მოდით და დაეხმარეთ ხალხს ფიზიკურად (!), თქვენი ტანებით და სამი-ოთხი ნაბიჯის გადადმით ტროტუარიდან პროსპექტამდე.
ბოლო კვირებში ვისაც ვხედავ, ან ჩემი ფეისბუქ-ბაბლია, ან ნაცნობ-მეგობარი, ან ოჯახის წევრი (აგერ მამაჩემიც დააჯარიმეს გუშინ, რაკი 28 ოქტომბრიდან ქუჩაში დგას), ანდაც ჩემი კოლეგები და ჟურნალისტები. და რაც მთავარია, მაუწყებლიდან მარშით მოსული ახალგაზრდები! თუ ვამბობთ, რომ პროტესტის უწყვეტობა მნიშვნელოვანია რუსთაველზე - და ნამდვილად არის! - მოდით! ჩაენაცვლეთ! ჩამოდით! გადით! რატომ არ დგანან აქ ყოველ საღამოს პარტიების წევრები? რატომ არ დგანან ექს-ქოცი მოხელეები, ბევრს რომ ლაპარაკობენ ახლა! მოდით და გადაკეტეთ გზა - ხალხს აჯარიმებენ თქვენი პასიურობის გამო! სხვამ უნდა გააკეთოს თქვენი საქმე და სხვამ უნდა გამოასწოროს თქვენს მიერ გაფუჭებული?! აღარ გამოვა ასე!" - წერს ბუღაძე.
აღნიშნულ პოსტს ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა.
"მაგარი პოსტი გამოგიცხვია, ხოდა გაგახსენებ, https://www.youtube.com/watch?v=0y6M0nRJgOs ახალი არაფერი გაგიგია, მთავარი მესიჯი 2014 წელს სწორედ იყო - ქვეყანა უხვევს დასავლეთის კურსიდან! 2016-ში ტანკებით რომ გვივლიდნენ მთელ ოჯახს და მაიას კლავდნენ პირდაპირი გაგებით, იმასაც გაგახსენებ, რაღაც კაფეში რომ შევხვდით (მეც ვიყავი, თორემ არ მეცოდინებოდა) და ირაკლი თანადგომას გთხოვდათ შენ, ტურიკას და რატის და თქვენთვის სიმპათიური როლი გთხოვათ შეგესრულებინათ აფხაზური თემების ნაწილში მომეხმარეთო. მერე იმასაც გაგახსენებ, 2018-ში სოფოს რომ ელჩობა უნდოდა და ზალკალიანს ხმას სცემო? რომ ეკითხებოდა ირაკლის და ირაკლი ეღლიცინებოდა, არჩევნებში ხმის ჩაყრას რომ მოგთხოვენ, მზად ხარო? ამის მერე ქოცების ადმინისტრაციაშიც იმუშავა ხომ? ბევრი კარგი საქმეც აკეთა, მე ყველას ყველაფერს ვუფასებ.
აი, ამის დაწერა არ მინდოდა საჯაროდ, მე ნაკლებად მემეტებით სიბინძურის შემოფრქვევისთვის, მაგრამ ვხვდები, რომ მხოლოდ მე ვუფრთხილდები ყველას და ყველაფერს. ხოდა, რამ დაგშოკა ლაშა? რა გაიგე ახალი? მიტინგებზე დაგაკლდით? თავი უნდა ვიმართლო და დავთვალო, რომელი ოჯახის წევრი რამდენჯერ ვართ ყინვაში და მოწმეებიც მოვიყვანო? რა ვიცი, ერთხელ სოფოც შემხვდა აქციაზე და მიცნო აშკარად. ზოგადად აწი ტაბელს გადავაბრუნებ, რომ ხუთიანები დამიწერო. ვაფასებ შენს "სახალხო ტრიბუნის" როლს, მაგრამ მოდი რა, გვიცანი, ვინ ვინაა.
"ნაც ტროლების" მესიჯებით რომ დაკითხა იმ ნიჭიერმა გოგომ კაცი, რომელიც ამხელა ამბავს ყვება, ნეტავ რატომ? "რადიო თავისუფლების" მიზანი ბუნდოვანების შექმნაა ირაკლის გარშემო, ჭუტავიზიას და მელაძის სტილში, რომ მილიონერი გახდა გარიგებით და არა ის, რომ შინაარსი გააანალიზოს რუსული საფრთხეების შესახებ ხომ? ამხელა პატრიოტი ხალხი რა კარგად არჩევთ პრიორიტეტებს და რა კარგად ემსახურებით ერთიანობას. რას დავაბრალო ეს ამდენი "დაშოკილი" ნაცნობი? მადლობა ფეხუნები რომ გაგიცივდათ მიტინგზე, მაგრამ სხვასაც რაღაც უკეთებია ამ ქვეყნისთვის, ცოტა მეტი, მერწმუნე. თუ აქ არ არის ირაკლი, გადაკრულად ან პირდაპირ ამუნათებთ, საჯაროდ გამოვიდა, რაღაც თქვა, რატომ გამოვიდაო, აწრიალდა "სანაცეთიც" და "საქოცეთიც" და რომ ჩამოყალიბდებით, რა გინდათ ჩვენგან, მომიყევი და იქნებ "კარგად მოვიქცეთ". თუმცა საკმაოდ ცხადია, რაც გინდათ - შეურაცხყოფა, კულისებში ჭორაობა და საჯაროდ გასვრა, სულ ესაა. მადლობა"- წერს ფანჯიკიძე.