"აგრესიული ნუ ხარ, ნუ ყვირი" - ბაკურიანში, სადაც ერთ-ერთი კოტეჯის აივანზე რუსეთის დროშა იყო გადმოფენილი მოქალაქეები მივიდნენ და დროშა ჩამოხსნეს
ბაკურიანში, ერთ-ერთი კოტეჯის აივანზე რუსეთის დროშა იყო გადმოფენილი. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოგვიანებით მოქალაქე გიგა თედორაძე ადგილზე მივიდა, ის Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ სურდა მეპატრონესთან ან ადმინისტრაციისთვის ეთქვა, დროშა ჩამოხსნათ. ვიდეოში ის ესაუბრება სასტუმროს დაცვას, რომელმაც თქვა, რომ ტერიტორია კერძოა და უფლება არ ჰქონდათ დროშა ჩამოეხსნათ.
მოგვიანებით გიგა თედორაძე უკრაინელების დახმარებით აივანზე ძვრება და ოკუპანტი ქვეყნის დროშას ხსნის.
ფაქტს გამოეხმაურა Crystal Hotel & SPA და განაცხადა, რომ კოტეჯი არ წარმოადგენს მათ ან კრისტალ ჯგუფის საკუთრებას. სასტუმრო ამბობს, რომ მიუხედავად თხოვნისა კერძო მეპატრონე კატეგორიულ უარს აცხადებდა დროშის ჩამოხსნაზე. იხილეთ განცხადება სრულად:
„გვსურს განვმარტოთ ბაკურიანში, კოტეჯ 16/1-ზე გამოფენილი რუსეთის ფედერაციის დროშის გარშემო შექმნილი ვითარება. აღნიშნული კოტეჯი არ წარმოადგენს Crystal Hotel & SPA-ს ან კრისტალ ჯგუფის საკუთრებას. მას ჰყავს კერძო მფლობელი, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებით გადმოფინა აღნიშნული დროშა. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი თხოვნისა, ის კატეგორიულ უარს აცხადებს მის ჩამოხსნაზე. ამავე პერიოდში კრისტალის საკურორტო ზონა მასპინძლობს EYOF Bakuriani 2025-ს, რომლის ფარგლებში საკურორტო სივრცეში განთავსებულია 45 მონაწილე ქვეყნის დროშა. რუსეთის ფედერაცია აღნიშნულ ფესტივალში არ მონაწილეობს, შესაბამისად, მისი დროშა ფესტივალის ფარგლებში არ გამოუყენებიათ. ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს კრისტალ ჯგუფის რეპუტაციაზე. ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ქმედება მიზანმიმართული მცდელობა იყოს ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციისთვის. კრისტალ ჯგუფი მკაფიოდ ემიჯნება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საზოგადოებაში არასწორ აღქმას იწვევს, და ვრჩებით ერთგულნი ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების“.
ნახეთ ვიდეო: palitravideo.ge