"შენ თვითონ გოიმი ხარ, სხვებს როგორ აგოიმებ... ხელი გაწიე ბიჭო..." - ვრცელდება ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირები ფიგურირებენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა, ხოლო 1 პირს ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად “ხოშტო” და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1981 წელს დაბადებული ე.ბ. მეტსახელად “ედო”.
„ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებულია - წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული ლ.რ.
„ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან - 1977 წელს დაბადებული კ.ბ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ვ.ჩ.
რაც შეეხება 1984 წელს დაბადებულ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ მ.ხ-ს, მას „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში, უკავშირდებოდნენ ე.წ „კანონიერ ქურდებს“ და ასრულებდნენ მათ დავალებებს.
კერძოდ, „ქურდული გარჩევებით“, დაშინებით, მუქარით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების, ასევე პირადი და სხვისი სარგებლის მიღების მიზნით გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში და სოფელ წყალწმინდაში ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.