"დაიმახსოვრე ჩემი სახე! შენ რა გელის.... შენ ხარ ჩვეულებრივი ბანდიტი! უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული პრობლემები ექნება" - ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მისი დაკავების ბრძანება სერგი ბზიშვილმა გასცა
"სერგო ბზიშვილი არის ეს არარაობა კაცი, ჩმორი კაცი, ეს არ არის პოლიციელი. ეს არის ჩვეულებრივი მონა და ხულიგანი. ის მშიშარაა, გაიქცა და დატოვა რიგითი პოლიციელები, უთხრა დააკავეთო და მეცა გავეშებული დუქნის ლომები დამესივნენ. მეჭიდავებოდნენ. ბევრნი იყვნენ. ბატონმა ბზიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული პრობლემები ექნება. ვერ დაგიცავს შე უბედურო ვერავინ. დაიმახსოვრე ჩემი სახე, ჩემი სახელიც და გვარიც და შენ რა გელის, როდესაც შენი ხელისუფლება შენს ქვეყანას მოშორდება. შენ ხარ ჩვეულებრივი ბანდიტი. სადაც გადამაწყდები აქციაზე, ყოველთვის გაგჩემ საკადრის პასუხს შენს ბანდფორმირებასთან ერთად", - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი "TV პირველთან".
ცნობისთვის, "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დააკავეს, თავისუფალია. ლევან გოგიჩაიშვილი გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მაშინ დააკავეს, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალებას არ აძლევდა.