"დიახ, ასეთი ადამიანებიც მუშაობენ "იმედში“ და მე ასეთი ვიყავი" - რას ამბობს რუსკა მაყაშვილი "იმედიდან" წამოსვლასა და შექმნილ ვითარებაზე?
დეკემბრის დასაწყისში, მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია "იმედი“ დატოვა.
"ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, ეს აქამდე რატომ არ გავაკეთე, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი! მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი“, - წერდა რუსკა სოციალურ ქსელში.
მიუხედავად "იმედზე“ მუშაობისა, ის ჯერ კიდევ გაზაფხულის აქციებზე ღიად აფიქსირებდა თავის პოზიციას საქართველოს ევროპულ მომავალზე. ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ არხზე დარჩა იქამდე, ვიდრე საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ჰქონდა.
რუსკას არხის დატოვების შემდეგ, მედიაში ამ თემაზე არ უსაუბრია.
"ნურავინ გაბედავს რამე მიმითითოს ან რჩევა მომცეს, არ მაინტერესებს. პატივი ეცით განსხვავებულ აზრს, პატივი ეცით საკუთარ თავებს. ყოველთვის გავაპროტესტებ იმას, რასაც მე ჩავთვლი, რომ არასწორია...“ - ეს ნაწყვეტია მისი სტატუსიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ "ინსტაგრამზე" მან გამოაქვეყნა.
მსახიობს დავუკავშირდით და ვთხოვეთ ესაუბრა თუ რა გახდა, არხიდან მისი წამოსვლის მიზეზი, ეს იყო საზოგადოების ზეწოლა თუ პირადი არჩევანი.
- რუსკა, გასული წლის მიწურულს აქციების დაწყებისას, თქვენც იყავით იმ ცნობილ სახეებში, ვისაც მოუწოდებდნენ დაგეტოვებინათ "იმედი“. ამ ზეწოლამ გავლენა მოახდინა თქვენს გადაწყვეტილებაზე?
- რა თქმა უნდა, არა. დავტოვე იმიტომ, რომ მე ასე მინდოდა და არა იმიტომ, რომ, ვიღაცას ასე უნდოდა. "იმედში“ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მათთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია. რაც შეეხება "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ჩემს "სთორის", სწორედ ამ თემაზე ვწერ, რომ არავისი საქმე არ არის, ვინ რა პოზიციაზეა.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად მუშაობ, პროტესტის გამოხატვა ყველგან შეგიძლია, მაგრამ როდესაც ამის საშუალება არ გეძლევა, უნდა გაეცალო.
- იმ ადამიანებს ვინც დარჩნენ "იმედზე“, იმავე თქვენს მეგობრებს დღემდე მოუწოდებს საზოგადოება არხი დატოვონ. მათ ხშირად აბულინგებენ...
- ბულინგი ყოველთვის იყო, ამის არასოდეს შემშინებია და არც მაღელვებს, მაშინ უფრო ადრე წამოვიდოდი ტელევიზიიდან. უბრალოდ, მიმაჩნდა, რომ ყველგან შეგიძლია პროტესტი გამოხატო, მაგრამ როდესაც ამის საშუალება არ გეძლევა, უნდა წამოხვიდე. არსებობენ ადამიანები, ვისაც კონკრეტული მხარე უჭირავთ, ან არავის მხარდამჭერები არ არიან, დიახ, ასეთი ადამიანებიც მუშაობენ "იმედში“ და მე ასეთი ვიყავი. განაგრძეთ კითხვა