"დგებო, ვიცი, რომ შენთვის, ჩემი აზრი ბევრად უფრო ყურადსაღებია, ვიდრე ნაირა გელაშვილის, ამიტომ გთხოვ..." - ხათუნა ხოფერია ირაკლი დგებუაძეს მიმართავს
ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია მწერალ ნაირა გელაშვილის პოსტს ეხმაურება:
"როდემდე?როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის, შუა ხნის ქალის ნელი სიკვდილით?იგი შიმშილობს, რადგან დაამცირეს, რადგან ღირსება შეულახეს და არაადამიანურად მოექცნენ!იგი შიმშილობს იმის გამო, რომ მისი ქვეყანა აივსო უღირსებო, ლაჩარი კაცებით,
რომლებიც ვაჟკაცობად თვლიან უმწეო პატიმარი ქალის შეურაცხყოფას, მისდამი უხამს მუქარას და შურისძიებას! რომლებსაც მამაკაცური ღირსების კოდექსის არსებობის შესახებ არასოდეს არაფერი სმენიათ!ი. დ.- ძის მაგვარ ძალოვანთა გარეგნულად გაფუყული მამაკაცობა
უბადრუკობით არის ამოვსებული! ასეთებს შეუძლიათ საქვეყნოდ იწუწუნონ, რომ ქალის სუსტად მოქნეულმა ხელმა, უფრო ზუსტად კი თითების შეხებამ ნიკაპზე, ტკივილი მიაყენა მათ! (აი, ამაზე კი შეგვიძლია თქმა, რომ მსგავსი რამ საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში ნამდვილად არ მომხდარა!).ასეთებს ვერავინ და ვერაფერი ვეღარ გააგებინებს, რას ნიშნავს სიტყვა „სირცხვილი“ და „სამარცხვინო“!
ეს სუბიექტი ჩვენს უახლეს ისტორიასა და წიგნში „ღირსების შესახებ“ (რომელიც, საბედნიეროდ, იწერება), შევა, როგორც მამაკაცის გადაგვარების ქრესტომათიული, ტრაგიკომიკური მაგალითი! საერთოდ, მზია ამაღლობელის ამბავი ტესტია მთელი საზოგადოებრივი
მორალისთვის და ცალკე უნდა გაანალიზდეს იმ არსებათა საქციელი, სისხლისა და შურისძიების წყურვილი ქვეცნობიერში რომ აქვთ ჩატენილი და მსგავს შემთხვევებში ამოანთხევენ ხოლმე ან ხმამაღლა ან ხმადაბლა, ოღონდ შეფუთულს სახელმწიფოებრივი წესრიგისადმი
ერთგულებით. ასეთები ჩუმად იტანდნენ და იტანენ დამცირებას და ახლა უბრალოდ შურთ იმისი, ვინც ეს ვერ და არ აიტანა („შიმშილობს და იშიმშილოს!“ „იშიმშილოს და მოკვდეს“! - სოციალური ქსელები).მაგრამ განსაკუთრებით შემზარავი ის არის, რომ არც საერო და არც
სასულიერო ხელისუფალთა შორის ერთიც კი არ აღმოჩნდა, ვინც შეწუხდებოდა მაინც, რომ უდანაშაულოდ დასჯილი ადამიანი, ქალი, (რომელიც მუდამ სანიმუშო რეპუტაციით, პროფესიული ცოდნითა და თავდადებული შრომით გამოირჩეოდა), უკვე 21-ე დღეა შიმშილობს!
ვინც შეწუხდებოდა მაინც, რომ მოქალაქე ჯერ უკანონოდ დააპატიმრეს, მერე არა ადამიანური მოპყრობით აფექტურ მდგომარეობამდე მიიყვანეს, და მერე სუსტად მოქნეული სილის გამო შვიდ წელს უსჯიან და თან სახელს უტეხენ! ვინც აღშფოთდებოდა, რომ მას მშვიდად
იმეტებენ სიკვდილისათვის! ეს ხომ იგივეა რაც მკვლელობა! ცხადია, ვისაც ბოლომდე სურს მკვლელად ჩამოყალიბდეს, იმას ვეღარაფერი შეაჩერებს, მაგრამ რადგან სასწაულების მჯერა, მაინც მოგიწოდებთ: სასწრაფოდ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი! გაათავისუფლეთ
სინდისის პატიმრები! (ომშიც ხომ აქვს ადგილი სიკეთის ცალკეულ გამოვლინებებს).მერე მართლა გვიან იქნება და გვიან იქნება მრავალი თვალსაზრისით." - წერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის შესახებ ნაირა გელაშვილი.
აღნიშნულ წერილის საპასუხოდ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს ხათუნა ხოფერია:
"ირაკლი, ჩემო კეთილო, საყვარელო ბიჭო, შენ ჩემი ბექას მეგობარი ხარ, შენ ჩემი ბექას თანაგუნდელი ხარ. უკვე დიდები ხართ ორივენი, გაიზარდეთ და მაგარი კაცები გახდით, წარმატებულები, მშრომელები... ერთგულები თქვენი საქმის და საქართველოსი! ფეხბურთშიც
მაგრები იყავით... ბოლომდე მებრძოლები!მე ვამაყობ თქვენით! დგებო, მე ვიცი, რომ შენთვის, ჩემი აზრი ბევრად უფრო ყურადსაღებია,
ვიდრე ნაირა გელაშვილის, ამიტომ გთხოვ, არ მიაქციო ყურადღება! ღმერთმა განსაჯოს! ის კი, რაც ხდება შენ გარშემო - პერსონების მხრიდან შენი შეურაცხყოფის, დამცირების მცდელობა, დამუნათება და ა.შ. გამიზნულია ერთი რამისთვის - ფსიქოლოგიურად გაგტეხონ, სულიერად
შეგარყიონ. და იცი რატომ? პოლიციის ფორმაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფი ირაკლი დგებუაძე - ქართული სახელმწიფოა!დიახ, ასეა! მათ, საქართველოს მტრებმა, იციან - თუ გინდა სილა გააწნა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, გაარტყი
ქართველ პოლიციელს!როგორი საბრალონი არიან... სულგაყიდულები...მე ვამაყობ შენით! ამის თქმა მინდოდა, ჩემო საიმედო ადამიანო!"