„თავისუფალი უნივერსიტეტის“ ტერიტორიიდან სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
„სტუდენტების ძალა ერთობაშია" - ამ ლოზუნგით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა „თავისუფალი უნივერსიტეტიდან“, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსიდან დაიწყო და ისინი „თბილისი მოლისკენ“ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციაა მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან პოლიციელები. სამართალდამცველები საავტომობილო გზის პერიმეტრზე არიან განლაგებული. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას; არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა".
აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლონ, სადაც აქციები 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს.