"გვაქვს ვერსიები, რომ სხვამ დატოვა მისი ნივთები და რაღაც სცენარს ათამაშებს... ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო, ეს დაგეგმილს ჰგავს" - რას ამბობს ადვოკატი ბათუმში დაკარგული 14 წლის მოზარდის საქმეზე?
რამდენიმე დღეა ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ. იგი 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს.
ორი დღის წინ, საქმეში ჩაერთო ადვოკატი პაატა შავაძე, მან "კვირის პალტრას" განუცხადა, რომ გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობს.
"არ ვიცით, ჩანთა ბავშვმა დატოვა თუ არა, სხვა ვერსიებიც გვაქვს, შეიძლება სხვამ დატოვა და ვიღაც რაღაც სცენარის გათამაშებას აკეთებს. არ ვიცით, ალექსანდრე რა გარემო პირობებშია ახლა, შეიძლება თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც აქვს ადგილი. კამერებში ჩანს, რომ ყოფილი შაუმიანის კვეთიდან მიემართება ზღვის ნაპირისკენ, მაგრამ ადგილზე მისვლა, ნივთების დალაგება არ ჩანს კამერებში. ისე საეჭვოდ დაკეცილია და დადებულია, ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო გადაყვანილი, ეს დაგეგმილს ჰგავს, კითხვებს აჩენს, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს...
სანაპიროზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში მუშაობენ სხვაგანაც. ჩვენ თუ დავუშვებთ იმ ვერსიას, რომ ბავშვი ზღვაში დაიხრჩო, თვითონ როგორც განმარტავენ, ამ სეზონზე, ცივი წყლის პირობებში, თურმე ზღვიდან გამორიყვა ვერ ხდება, მაგალითად, 100 პროცენტიდან თუ ხდება, 2-3 პროცენტი. ასეთი რაღაც დაუშვეს, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თუმცა იყო ამ დღეებში სხვა მამაკაცის გამორიყვის ფაქტი. ჩვენ მაინც უფრო სხვა ვერსიებზე ვმუშაობთ, მე და ჩემი ბევრი კოლეგა ნაკლებად ვფიქრობთ, რომ ბავშვი ზღვაში დაიხრჩო, ყველა ვერსია განიხილება, ყველა ვერსია იურიდიული შეფასების ღირსია, ტელეფონებზე შემოსულ ყველა ინფორმაციას ვამოწმებთ. პოლიცია ცალკე, მეც დამოუკიდებლად ვიძიებ ამ საქმეს, როგორც ადვოკატი", - ამბობს პაატა შავაძე.