"გადაუღეთ ვიდეო და სურათი" - რა ინფორმაცია ვრცელდება ბათუმში დაკარგულ ბიჭზე და რას ამბობს მოზარდის დედა?
ბათუმში დაკარგული 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ, რომ "სადგურის მოედანზე", "თბილისი ცენტრალის" ზედა მხარეს შეამჩნიეს.
როგორც მოზარდის დედა ნათია დიაკვნიშვილი "კვირის პალიტრასთან" ამბობს, ალექსანდრე ჯერ არ უპოვიათ და საზოგადოებას სთხოვს, მხოლოდ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ენდონ.
"ვიცი, რამხელა ინტერესია საზოგადოებაში, ყველას აინტერესებს, ბევრჯერ დაიწერა, თითქოს ალექსანდრე ვიპოვეთ, მივმართავ საზოგადოებას, არავის დაუჯერონ, დაუჯერონ მხოლოდ ჩემ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საზოგადოების დიდი ინტერესია და არ მოვეკიდები ამ დამოკიდებულებას გულგრილად. როგორც კი გამოჩნდება ჩემი შვილი, მე დავწერ ჩემი შვილის პოვნაზე ინფორმაციას.ოღონდ რაიმე კვალი მაპოვნინა და ბავშვი მაპოვნინა, ორ სიტყვას მაინც დავწერ, რომ ვნახე ალექსანდრე. შეიძლება დეტალები არ დავწერო, მაგრამ რომ ვიპოვი, ამას აუცილებლად დავწერ!" - ამბობს ნათია დიაკვნიშვილი. სტატია სრულად წაიკითხეთ ბმულზე>>>
"ალექსი, რომელიც დაიკარგა ბათუმში, დღეს შეამჩნიეს "სადგურის მოედანზე", "თბილისი ცენტრალის" ზედა მხარეს. დაზუსტებით ვიცით, რომ ეს ბავშვი ალექსია და დიდი თხოვნა მექნება, თუ სადმე დაინახავთ, დარეკოთ 112-ში ან კიდევ ადგილზე დაიჭიროთ და მოგვმართოთ ჩვენ და დაგვიკავშირდეთ ამ ნომერზე: 574 40 46 80. თუ სადმე დაინახავთ, რომ ავტობუსში ადის ან მარშუტკაში, აუშვათ და გამოიძახეთ პოლიცია და მათ მოსვლამდე არ დააძრევინოთ მძღოლს მანქანა. ეს ეხება როგორც თბილისი-ბათუმის მარშუტკებს, ასევე თბილისში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს" - წერს მოქალაქე ელისაბედ კიკვაძე.
ელისაბედ კიკვაძემ დღეს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:
"დიდი ალბათობაა, რომ ბათუმში დაკარგული ბავშვი ალექსანდრე მიქელაძე იმყოფებოდეს სანზონა-ნაძალადევის ტერიტორიაზე. თუ დაინახავთ, სავალდებულოა, იცოდეთ ზუსტი ადგილი და დრო. დაუკავშირდეთ დედას: 555 10 55 00. გადაუღეთ ვიდეო და სურათი ან დარეკეთ 112-ში" - წერს ელისაბედ კიკვაძე.
კიდევ ერთი მოქალაქე ნათია რობიტაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ბავშვი, რომელიც ფოტოზეა ასახული და რომელიც "თბილისი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, ალექსის ჰგავს.