loader

"მოგიწოდებთ სანქციები დაუწესოთ ივანიშვილს" - ჯო უილსონი და ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოგიწოდებთ სანქციები დაუწესოთ ივანიშვილს" - ჯო უილსონი და ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს

კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

წერილის ხელმომწერები არიან აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი (ლიბერალური დემოკრატები).

“მიუხედავად იმისა, რომ ატლანტიკის ოკეანისა და პოლიტიკური სპექტრის ორ სხვადასხვა მხარეს ვართ, გამოწვევა, რომელსაც ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს, ერთობლივ, ტრანსატლანტიკურ და მრავალპარტიულ პასუხს საჭიროებს.

საგარეო მდივანო, მოგიწოდებთ, დაყოვნების გარეშე იმოქმედოთ და სანქციები დაუწესოთ ივანიშვილს, ოლიგარქ მჩაგვრელს, რომელმაც შესაძლებლობა მისცა პუტინის ჩარევას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოითხარა მის სუვერენიტეტს. შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის დეკემბერში დაუწესა სანქციები ივანიშვილს; ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და დემოკრატიისთვის პატივისცემის სულისკვეთებაში, გაერთიანებულმა სამეფომ იგივე უნდა გააკეთოს” - წერია განცხადებაში.

ამასთან, წერილში არის მოთხოვნა გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან, გაყვეს შეერთებული შტატების მაგალითს - „საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ფორმალურად შეჩერებით“.

„ივანიშვილის “ქართული ოცნების” პარტიამ მთელ ერს ჩამოართვა დემოკრატიული უფლებები, დაუშვა პუტინის ჯიბეში საქართველოს კიდევ უფრო ღრმად ჩაძრომა. გაერთიანებული სამეფოს სანქციებს შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა ჰქონდეს, ვინაიდან ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს მნიშვნელოვანი აქტივები უკავიათ გაერთიანებულ სამეფოში მდებარე კომპანიების მეშვეობით. მეტიც, ივანიშვილის მთავარი პროპაგანდისტული საშუალება, “იმედი ტვ”, გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირებული კომპანიის მფლობელობის ქვეშ მუშაობს. ეს უბრალოდ მიუღებელია.

მოვითხოვთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან, გაყვეს შეერთებული შტატების მაგალითს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ფორმალურად შეჩერებით.

საგარეო მდივანო, მსოფლიო ახლა გაერთიანებულ სამეფოს შესცქერის, რათა აჩვენოს, რომ მყარად ვდგავართ საერთაშორისო სამართლის დაცვაში, და დაამტკიცოს, რომ ის რჩება გლობალურ ლიდერად მშვიდობისთვისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში - როგორც ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ვქენით.

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ოპოზიციური ხმების ძალადობრივი ჩახშობითა და ჟურნალისტების დევნით გამოირჩევა, არ შეიძლება იგნორირებულ იქნას. სასწრაფო, ერთიანი და საერთაშორისო პასუხი უპირველესი მნიშვნელობისაა.

მხოლოდ ასეთი გაბედული ქმედებით შეგვიძლია პატივი ვცეთ და დავიცვათ ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები,” - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ წერილში.