"სახის ძვლების არცერთი ნაწილი მთელი არ აქვს... არის ნაცემი და ნაწამები" - რას ამბობს "ვივამედში" შეყვანილი პატიმრის ადვოკატი
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" მოთავსებული 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე მძიმე მდგომარეობაშია. აღნიშნულის შესახებ პატიმრის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ "მთავარ არხს" განუცხადა.
ცნობისთვის, იოსებ გორგაძის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გაავრცელა. როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი კლინიკა „ვივამედში" იმყოფებოდა, სადაც პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.ლევან იოსელიანი გამოძიებას მოუწოდებს, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.