ბათუმში სიტუაცია კვლავ დაძაბულია - მონაწილეების მიერ დადგმული კარავი პოლიციამ დაშალა
აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ ფიზიკური დაპირისპირებაა.
სამართალდამცავებმა ტროტუარზე დამაგრებული კარავი დაშალეს და ადგილიდან გადატანას ცდილობენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები, კარვის გატანის შესაძლებლობას არ აძლევენ. ამბობენ, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებენ და კარვის გაშლის უფლება აქვთ.
“არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა. დაგვენახეთ რომელი პოლიციელი იცავს ჩვენს უფლებებს”,- მიმართავენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს.
სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს, მოუწოდებენ, ტერიტორიიდან კარავი გაიტანონ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის სახლთან ნიღბიანი პოლიციელები არიან მობილიზებული.