"ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი..." - ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები ვიდეომიმართვას ავრცელებენ
"ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი, ვითხოვთ ხელახლა არჩევნებს და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას",- ამის შესახებ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ.
მათი თქმით, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„ჩვენ, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტთა ნაწილი, ვაგრძელებთ საყოველთაო პროტესტს. ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და რეჟიმის ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლებას, ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ონლაინგამოცემების - „ბათუმელებისა" და ,,ნეტგაზეთის" თანადამფუძნებელსა და დირექტორს, ქალბატონ მზია ამაღლობელს, რომელიც მე-18 დღეა მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას, რამაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. ჩვენი მხარდაჭერა ქალბატონ მზიას. პროტესტი გრძელდება იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება”,- აღნიშნეს სტუდენტებმა.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები 15 იანვრიდან სასწავლებელში პროტესტის ნიშნად ღამეს ათევენ.