ნატო ხაინდრავა გიორგი ბაჩიაშვილის დედის კითხვაზე - "თქვენ უნდა გეშინოდეთ - მე რისი უნდა მეშინოდეს? მე ვარ მოწმე"
რა თქვენი საქმეა? რასაც შემეკითხებიან, იმაზე უნდა ვისაუბრო, - ასე უპასუხა "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნატო ხაინდრავამ ჟურნალისტის კითხვას, თუ რა ჩვენებას მისცემდა ის საქმეზე, სადაც დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნულ პროცესზე აძლევს ხაინდრავა ჩვენებას.
სასამართლოს სხდომათა დარბაზში შესვლისას მას ბაჩიაშვილის დედამ, მიმართა კითხვით - „რისი გეშინიათ?“
„არაფრის არ მეშინია, თქვენ უნდა გეშინოდეთ. მე რისი უნდა მეშინოდეს? მე ვარ მოწმე",- განაცხადა ნატო ხაინდრავამ.
სასამართლოში ჩვენებას მისცემს ასევე ხაინდრავას იმჟამინდელი მოადგილე, დავით გალუაშვილი.