რას ამბობენ ლილოში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოვაჭრეები? - ხანძრის ამსახველი კადრები ადგილიდან
„ლილო მოლში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოვაჭრეები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ.
როგორც ისინი “ინტერპრესნიუსთან” აცხადებენ, ცეცხლი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, სადაც ძირითადად ნაძვის ხეებისა და ტანსაცმლის საწყობები იყო განთავსებული.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის ტერიტორია ყველამ დროულად დატოვა და დაშავებული არავინაა.
ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, თუ რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა, ერთ-ერთი მოვაჭრე “ინტერპრესნიუსთან” ხანძრის მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ ცეცხლის გაჩენის დროს ტერიტორიაზე შედუღების აპარატს იყენებდნენ.
ამასთან, ხანძარში მოყოლილი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, საკუთრება დაზღვეული ჰქონდათ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, „ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, დამწვარია, როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები.
„ამ დროისთვის „ლილოს“ ბაზრობაზე, დაახლოებით, 5 ათასი კვადრატული მეტრია დამწვარი - როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები. 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, 22 სახანძრო ავტო ცისტერნა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.