რეჟისორი ნანა ჯანელიძე ილია მეორეს ღია წერილით მიმართავს
რეჟისორი ნანა ჯანელიძე "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით,საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს ღია წერილით მიმართავს:
"ღია წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს
თქვენო უწმინდესობავ,
დღეს, საქართველოს საპყრობილეში მე-16-ე დღეა შიმშილობს ქალი, ჟურნალისტი, ორი მედიაპლატფორმის დამფუძნებელი, სიმართლისთვის მებრძოლი მზია ამაღლობელი. მას სოლიდარობა გამოუცხადა კიდევ ორმა ახალგაზრდა პატიმარმა, ისინი მე-5 დღეა შიმშილობენ. ეს არის მათი პასუხი უსამართლობაზე, ძალადობაზე, წყვდიადის შემოტევაზე, რაც დღეს საქართველოში ბობოქრობს. დღეს ჩვენს ქვეყანაში განგაშის ზარი რეკს და ეს ზარი ყოველ ჩვენგანს უხმობს.
დღევანდელ საქართველოში დამოუკიდებელმა მედიამ იტვირთა ადამიანთა დაცვის, გადარჩენის ფუნქცია.
მზია ამაღლობელმა შიმშილობას - პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართა, რადგან ყველაზე ძლიერი იარაღი - მართალი სიტყვა- აართვეს. მისი გადაწყვეტილება, იბრძოლოს ბოლომდე, მტკიცე და ურყევია და ყოველი ჩვენგანი ქედს იხრის მის წინაშე.
იგი, იმ დიდებულ ქალთა სულის სიმტკიცის მატარებელია, ვისი სახელი და ნათებაც დღემდე მფარველობს საქართველოს.
თქვენო უწმინდესობავ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ, სამართლისთვის და სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანის დახსნა საპყრობილედან. მხოლოდ თქვენს სიტყვას, სიბრძნეს, ავტორიტეტს, შეუძლია იმოქმედოს „ამა ქვეყნის ძლიერებზე“ და მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს პატიმრობიდან.
სხვანაირად, მოვლენები შეიძლება საბედისწეროდ განვითარდეს და მართალი ადამიანის მსხვეპლთშეწირვით თავსლაფდასხმულ, ნაბუქოდონოსორის და ჰეროდეს ქვეყანაში აღმოვჩნდეთ. ამის იქით კი უფსკრულია.
პატივისცემით, მოწიწებით და იმედით", - ნათქვამია წერილში