რა ჰყვება თბილისში სასტიკად მოკლული ბიჭის დედა?
AMBEBI.GE თბილისში მოკლული ლევან ჯანგულაშვილის დედას, თეო კრაწაშვილს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა რომ ლევანს 12 დღის განმავლობაში ეძებდნენ:
"არაფერი ვიცი, რა მოხდა, გამოძიება მიდის... 12 იანვრის შემდეგ ვეძებდით ბავშვს. არც მკვლელი ვიცი, არც მკვლელობის მოტივი. ლევანი მშენებლობაზე არ მუშაობდა, უბრალოდ, მისი გვამი იპოვეს იქ (ვაშლიჯვარში)" - ამბობს მოკლულის დედა.
ცნობისთვის,თბილისში 26 წლის ახალგაზრდა სასტიკად მოკლეს. ლევან ჯანგულაშვილს 23 წლის ბიჭმა ჯერ ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო და გვამს ცეცხლი წაუკიდა.
შემზარავი დანაშაული ვაშლიჯვრის დასახლებაში მოხდა. საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ბრალდებულმა სხვადასხვა ნივთების დარტყმით მოკლა ერთი პირი, რის შემდეგაც მან გვამი ლიფტის შახტში დაწვა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: AMBEBI.GE