"სალამი აშშ-დან" - გიორგი ვაშაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს
ძნელი ბედი ელით დემოკრატიის და აშშ-ის მტრებს, მათ შორის ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს. ვაშაძე აშშ-დან ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „რესპუბლიკელების“ მოწვევით იმყოფებოდა.
გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ დღეიდან გაცილებით ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იქნება აშშ-დან ნაბიჯები.
„სალამი აშშ-დან, ვაშინგტონიდან. ვიმყოფები დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „რესპუბლიკელების“ მოწვევით. მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვლება, აშშ-ს პოლიტიკა გახდება უფრო შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველო განხილვების პირველ განრიგში იყოს. სწორედ ჩვენი პროტესტის ერთიანობის გამო, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება საქართველოში, ამაში დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველგან გვაქვს ამაზე საუბარი. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, როგორც კრიზისიდან გამოსავალი. დარწმუნებული ვარ, დღეიდან გაცილებით ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული იქნება აშშ-დან ნაბიჯები. რაც მთავარია, ძნელი ბედი ელით დემოკრატიის და აშშ-ის მტრებს, მათ შორის ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. წინ გამარჯვებისკენ. სრული მხარდაჭერა გვექნება და დარწმუნებული ვარ, შედეგზეც გავალთ. ძალა ერთობაშია“,-განაცხადა ვაშაძემ.