"აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინის კონფლიქტის შესახებ დიალოგისთვის ღია ვართ" - ვლადიმერ პუტინი
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს თანამდებობის დაკავებას ვულოცავთ, - ამის შესახებ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
„გვესმის მისი განცხადება იმის შესახებ, რომ საჭიროა მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების მიზნით ყველაფერი გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, მსგავს დამოკიდებულებას მივესალმებით და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს თანამდებობის დაკავებას ვულოცავთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს.
„აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინის კონფლიქტის შესახებ დიალოგისთვის ღია ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრაა, რის შესახებაც აქამდე არაერთხელ გვითქვამს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.