Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა განაახლა
სოციალურმა პლატფორმა Tik-Tok-მა შეერთებულ შტატებში მომსახურების აღდგენა დაიწყო მას შემდეგ, რაც არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოსცემდა ბრძანებას, რომელიც აპლიკაციის აკრძალვის შესახებ კანონის აღსრულებას გადაავადებდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
“ორშაბათს გამოვცემ აღმასრულებელ ბრძანებას კანონით გათვალისწინებული აკრძალვის ძალაში შესვლის ვადის გახანგრძლივების შესახებ, რათა შევძლოთ გარიგება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
Tik-Tok-მა, მუშაობის განახლების შემდეგ, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგად, Tik-Tok-ი აშშ-ში დაბრუნდა. კომპანიამ ტრამპს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ იმუშავებს მასთან გრძელვადიან გადაწყვეტაზე, რომელიც შეერთებულ შტატებში Tik-Tok-ის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
შეერთებულ შტატებში გუშინ სოციალური პლატფორმა TikTok-ი გაითიშა. კომპანიამ განმარტა, რომ ამოქმედდა კანონი, რომელიც TikT-ok-ს კრძალავს.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა აპრილში ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც TikTok-ის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს პლატფორმა არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა, ან აპლიკაცია აშშ-ში 2025 წლის დასაწყისიდან უნდა აკრძალულიყო. გადაწყვეტილების მიზეზი იყო ამერიკელი კანონმდებლების შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ByteDance-ი ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. კერძოდ, კონგრესმენები შიშობდნენ, რომ ByteDance-ს მომხმარებლის მონაცემები, შესაძლოა, ჩინეთის მთავრობისთვის გაეზიარებინა.